პრემიერი – დღეს სამოქმედო გეგმას დავამტკიცებთ და აქტიურად დავიწყებთ მუშაობას

Published:

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას დაამტკიცებენ.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა სხდომის დაწყებისას განმარტა, დღესვე ევროკავშირთან ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის სხდომა გაიმართება. მთავრობის მეთაურმა ასევე დააანონსა, რომ ევროსაბჭოს საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, სახალხო ზეიმი გაიმართება.

„დღეს მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას, რომელიც ისედაც განსაზღვრული იყო და 12 პრიორიტეტის შემადგენელი ნაწილია. 9 ნაბიჯის მიხედვით, ჩვენ ავიღეთ ვალდებულება ამის დამტკიცების თაობაზე. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ამ გეგმას დავამტკიცებთ. 15:00 საათზე მექნება უკვე ევროკავშირთან ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის სხდომა. ჩვენ პარლამენტთან ერთად განვიხილეთ ეს საკითხი, მანამდე სამუშაო შეხვედრაც გვქონდა. პარტიაში და პარლამენტარებთანაც გაიარეთ ეს საკითხები. ე.წ. 9 ნაბიჯს, რომელიც მთავრობის მიერ უნდა გადაიდგას, ჩვენ დღეს განვიხილავთ და მოვიწონებთ. წინასწარ უკვე შედგენილი გვაქვს მონახაზი. თითოეულ გადასადგმელ ნაბიჯზე და რეფორმაზე კონკრეტული ხედვა გვაქვს. გაწერილი გვექნება შესაბამისი სამოქმედო გეგმაც და შესრულების ვადებიც. ჩვენ აქტიურად დავიწყებთ მუშაობას, პრინციპში, უკვე დაწყებული გვაქვს. ილია დარჩიაშვილს ექნება კომუნიკაცია მის ევროპელ კოლეგებთან, მეც მექნება შეხვედრა და კომუნიკაცია ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, მათ ამ ინფორმაციას მივაწოდებთ. ჩვენი ყველას სურვილია, რომ რაც შეიძლება მალე შესრულდეს ყველა ის რეფორმა, რომელიც ამ 9 ნაბიჯში არის გათვალისწინებული. 14 ან 15 დეკემბერს ველოდებით ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა გუნდში მსჯელობა, პარლამენტთანაც გვქონდა საუბარი და გადაწყვიტეთ, რომ იმისდა მიხედვით,როდის იქნება გადაწყვეტილება, სახალხო ეროვნული გამარჯვების ზეიმი, კონცერტი იყოს და ერთად აღვნიშნოთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ეს ისტორიული გამარჯვება, ჩვენი მთავრობისა და ხელისუფლების მუშაობის შედეგი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img