ჩვენ რომ გვქონდეს მოლოდინი, რომ ილია დარჩიაშვილი იქ დადგება და საქართველოს ინტერესებს დაიცავს და სერგეი ლავროვს პირში ეტყვის რაღაცებს, რაც სათქმელია, მაშინ პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ ის არაფრის გამკეთებელი არ იქნება, იქ მდუმარედ იქნება, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ .
მისივე შეფასებით, წასვლას და მერე პროტესტის ნიშნად სხდომის დატოვებას, შინაარსი არ აქვს.
„გააჩნია, როგორ მოიქცევა და რას გააკეთებს. ჩვენ, რომ გვქონდეს მოლოდინი, რომ ის იქ დადგება და საქართველოს ინტერესებს დაიცავს და ლავროვს პირში ეტყვის რაღაცებს, რაც სათქმელია, მაშინ პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ ის არაფრის გამკეთებელი არ იქნება, იქ მდუმარედ იქნება და ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, ეს იქნება პრობლემა, თუმცა მეტიც, დღეს არის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ნატო-ში, სადაც, მაგალითად, მონაწილეობას იღებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი და ცალკე უკრაინა-ნატო-ს კომისიის შეხვედრაც იმართება. წესით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იქ უნდა იყოს და მანამდე უნდა მოეთხოვა საქართველოს, რომ ასევე, ცალკე ყოფილიყო საქართველოს-ნატო-ს კომისიის შეხვედრა, ეს უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა, ვიდრე იქ დასწრება, სადაც ახლა არის წასული.
მაშინ არ უნდა წასულიყო, ბოიკოტი იქნებოდა გამოსავალი. წასვლა და მერე პროტესტის ნიშნად დატოვებას, შინაარსი არ აქვს. ხომ იცის, რომ ლავროვი ესწრება, ან არ უნდა წახვიდე, ან თუ ჩადიხარ, პირში უნდა უთხრა რაღაცები. ჩვენი მინისტრი არც ერთის და არც მეორეს გამკეთებელი არ არის“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 29 ნოემბრიდან 1-ელი დეკემბრის ჩათვლით მონაწილეობას მიიღებს ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 30-ე სხდომაში, რომელსაც ჩრდილოეთ მაკედონია მასპინძლობს.