მურუსიძე – სანქციების საკითხი არ მაწუხებს იმიტომ, რომ 100%-ით მართალი ვარ

Published:

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან მურუსიძემ  პასუხად კითხვაზე: აპირებს, თუ არა სარჩელის მომზადებას და აშშ-ში გაგზავნას მისი დასანქცირების საპასუხოდ, როგორც ამას აპირებდა ასევე ერთ-ერთი სანქცირებული მოსამართლე ირაკლი შენგელია,  განაცხადა, რომ ის ასი პროცენტით მართალია.                         ” იცით, რა არის? მე რომ მქონდეს იმის საშუალება, რომ ადვოკატი დავიქირაო და მას ასიათასობით თანხა ვუხადო დავადასტურებდი, რომ ნამდვილად ის არის იმიტომ, რომ ასი პროცენტით მართალი ვარ.”

ლევან მურუსიძის თქმით, მისი დასანქცირების საკითხთან კორუფცია არაფერ შუაშია და სახელმწიფო დეპარტამენტის ეს გადაწყვეტილება სხვა რამეს ემსახურებოდა.

„სიმართლე გითხრათ, ყველაფერი გამოჩნდება იმდენად დაუსაბუთებელი, არაზნეობრივია და არაფერს ეფუძნებოდა ეს სანქციები, ყველაფერი გამოჩნდება და დროთა განმავლობაში ცხადი გახდება. სიმართლე გითხრათ, სანქციების საკითხი არ მაწუხებს იმიტომ, რომ 100%-ით მართალი ვარ, შესაბამისად, გავყვები და რაც იქნება ეგ არის. ყოველ შემთხვევაში, იცით, რა არის? მე რომ მქონდეს იმის საშუალება, რომ ადვოკატი დავიქირაო და მას ასი ათასობით თანხა ვუხადო დავადასტურებდი, რომ ნამდვილად ის არის იმიტომ, რომ ასი პროცენტით მართალი ვარ. ერთი სიტყვით, ყველაფერი დალაგდება, ასე მგონია იმიტომ, რომ მართალი ვარ. ვნახოთ, რა იქნება, როგორ იქნება.

რას დავაპირებ და რას გავაკეთებ ამას დრო გვიჩვენებს. ახლა, სიმართლე გითხრათ, ჩემთვის მთავარი არის ის, რომ მე დარწმუნებული ვარ და მიმაჩნია, რომ ეს აბსოლუტურად მიუღებელი იყო და შეუძლებელია, რომ ადამიანს, მოქმედ მოსამართლეს აბრალებდე კორუფციას, მაგრამ თვითონაც იციან, რომ აქ კორუფცია არაფერ შუშია და რეალურად მე მგონია, რომ ჩემი დასანქცირების საკითხი სხვა რამეს ემსახურებოდა. მერე, დროთა განმავლობაში, ყველაფერი გაირკვევა იმიტომ, რომ ყველამ იცის, კორუმპირებული ნამდვილად არ ვარ. თუ რამე იყო კორუფციის საფუძველი შეეძლოთ კონკრეტული ფაქტი ეთქვათ, მაგრამ კონკრეტული ფაქტის დასახელების გარეშე მოსამართლეს აბრალებდე, რომ ის კორუმპირებულია ეს უკვე სხვა თემაა“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.

კითხვაზე, გამორიცხავს, თუ არა სარჩელით მიმართოს აშშ-ში სასამართლოს ასე უპასუხა:

„არ გამოვრიცხავ, ახლაც ვფიქრობ, არ ვიცი, ვნახოთ, შევხედოთ, რა და როგორ იქნება“-განაცხადა მურუსიძემ.

აღნიშნულ საკითხზე „ინტერპრესნიუსი“ კიდევ ერთ სანქცირებულ მოსამართლეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს ირაკლი შენგელიასაც დაუკავშირდა, რომელმაც რამდენიმე თვის წინ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს, რათა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მის დასანქცირებასთან დაკავშირებით გაასაჩივროს. ირაკლი შენგელიამ კითხვის საპასუხოდ ამჯერად განაცხადა, რომ ის შეხვედრაზე იმყოფება და კომენტარს ვერ გააკეთებს.

ცნობისთვის, აშშ-მ 2023 წლის გაზაფხულზე, ოთხ ქართველ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

როგორც განცხადებაში ბლინკენი განმარტავს, აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img