ლევან იოსელიანი – ვინც თამაზ გინტურის მკვლელობით დანაშაული ჩაიდინა, პასუხი აგოს

Published:

მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა თამაზ გინტურის მკვლელობის საკითხში და მათი მეშვეობით მოთხოვნა იმისა, რომ აუცილებელია, ვინც დანაშაული ჩაიდინა, პასუხი აგოს. ამისთვის ყველა საერთაშორისო მექანიზმი ამუშავდეს, – განაცხადა ლევან იოსელიანი.

მისი განმარტებით, გინტურის საქმესთან დაკავშირებით პროცესში სახალხო დამცველის აპარატი მაქსიმალურად ცდილობს, რომ ჩართული იყოს.

„ჩასული ვიყავით და შევხვდი ოჯახის წევრებს, მათ შორის გატაცებულ მოქალაქეს, რომელსაც ვესაუბრე. მიმდინარეობს გამოძიება. ამ გამოძიების ფარგლებში გაგზავნილი გვაქვს ჩვენი შეკითხვები და როგორც კი გვექნება უფრო მეტი ინფორმაცია, რაც შეგვიძლია საზოგადოებას გავაცნოთ გამოძიებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს გახდება საჯარო. სახალხო დამცველი ამ მიმართულებით მუშაობს და საბოლოო ჯამში, ის შესაძლებლობა, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მაქსიმალურად იქნება ჩართული იმისთვის, რომ საზოგადოებას სრული ინფორმაცია ჰქონდეს ამ მკვლელობის ირგვლივ.

მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა საკითხში და მათი მეშვეობით მოთხოვნა იმისა, რომ აუცილებელია, ვინც დანაშაული ჩაიდინა, პასუხი აგოს და ამისთვის ყველა საერთაშორისო მექანიზმი ამუშავდეს“, – განაცხადა ლევან იოსელიანი.

მისი თქმით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა, ამიტომ, ყველა ღონე უნდა იხმაროს იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მათი უფლებები და უსაფრთხოება იყოს დაცული.

„კონკრეტულად, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, საგუშაგოები როგორ, სად უნდა გაიხსნას, ამაზე მე ვერ გაგცემთ პასუხს. ეს სხვა უწყებების კომპეტენციაა, მაგრამ მათი უსაფრთხოება, ყოველდღიური სიმშვიდე უნდა იქნას დაცული, ამაზე ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ. დაცული რომ იყოს, იმ ფაქტებთან არ გვექნებოდა საქმე, რაც ხდება – გატაცებები, ჩვენი მოქალაქის მკვლელობა. ფაქტია, რომ უსაფრთხოების დაცულობის ნაწილში მეტი ძალისხმევაა საჭირო. ხშირად მეკითხებიან, რა უნდა გააკეთოს, ამ კითხვაზე მე ვერ გაგცემთ პასუხს იმიტომ, რომ ეს არის ძალიან სპეციფიკური საქმიანობა სპეცსამსახურების, პოლიციის და მათ უნდა მიიღონ ის ზომები რომელიც ჩვენი მოქალაქეების დაცულობას უზრუნველყოფს“, – განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 6 ნოემბერს მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს და მომხდარიდან 3 დღეში გაათავისუფლეს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img