სააკაშვილი არა მარტო „ნაციონალური მოძრაობის“, „გამარჯვების კოალიციის“ ლიდერია და ვინმეს რამე თუ არ მოსწონს, მას მიმართოს, ეს არის გამოსავალი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძის თქმით, რა პროცესიც ახლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს, კარგი არ არის. „ყველას ვიცნობ, ბევრთან ერთად მიბრძოლია, განსაკუთრებით ვიცნობ კირთაძეს. კარგი ადამიანია, წარმატებებს ვუსურვებ. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ ერთდროულად კამპანია – ლევან ხაბეიშვილი არაფერს წყვეტს და ლევან ხაბეიშვილის ბრალია ყველაფერი, გადადგეს, შეუთავსებელია ერთმანეთთან. ხალხი ჩამოყალიბდეს, არ შეიძლება, ორივე კამპანია აწარმოო ერთად. მეორე საკითხი – მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ არის ლიდერი და ის არა მარტო „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ „გამარჯვების კოალიციის“ ლიდერია და თუ ვინმეს რამე არ მოსწონს, მიმართოს მიხეილ სააკაშვილს. ეს არის გამოსავალი. რა თქმა უნდა, პროცესი კარგი არ არის, „ქართული ოცნება“ არც მალავს აღფრთოვანებას. ირაკლი კობახიძემაც თქვა, რომ რაც მეტი იქნება რყევა, შიდა დაშლაო, ჩვენთვის კარგი და მისასალმებელიაო. ყველას ვთხოვ, ირაკლი კობახიძე რასაც გვეუბნება, იმის მოსაწონად არ მოვიქცეთ.
კითხვაზე,„ნაციონალური მოძრაობიდან“ ადამიანების წასვლა ხომ არ ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ნიკა მელია ქმნის ახალ გუნდს ახალი პარტიისთვის, მანჯგალაძემ განაცხადა:
„მე ვხედავ ამ პროცესს, წარმატებებს ვუსურვებ მათ. ვერ ვიქნები კრიტიკული. მეც მქონია 2016 წელს იმდროინდელ მენეჯმენტთან შეუთავსებლობა, წავედი და თვითმმართველობაშიც მოვედი, საპარლამენტო არჩევნებიც მოვიგეთ, საპრეზიდენტო არჩევნებშიც ლამის წარმატებას მივაღწიეთ. ტრაგედია არ არის წასვლაში, მთავარია, როგორ წახვალ და წასვლის შემდეგ, რას გააკეთებ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის წევრებმა, გიორგი კირთაძემ და მირდატ ქამადაძემ პარტია დატოვეს. „ნაციონალური მოძრაობა“ ასევე დატოვა ბათუმის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ შვიდმა დეპუტატმა. როგორც მათ ბრიფინგზე განაცხადეს, პარტიაში ერთიანობის ყველა შანსი ამოწურეს.