პრეზიდენტმა ორბელიანის სასახლეში შშმ პირებს უმასპინძლა

Published:

საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში შშმ პირთა საერთაშორისო დღეს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს უმასპინძლა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას “ჩვენი ხმა ევროპას“ შეუერთდნენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხელმოწერების კამპანია 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო და საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნით ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვას ითვალისწინებს. მასში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთვებიან და პეტიციაზე ხელმოწერით თავიანთ მხარდაჭერას გამოხატავენ.

ღონისძიებაზე, ქართული პოეზიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდაჭერისა და თვითრეალიზაციის ხელშეწყობისათვის, აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისათვის ღირსების მედლით დაჯილდოვდა მიმოზა ცანავა – პოეტი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დედათა ასოციაცია “დეას” და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ასოციაცია “ყავარჯნის” დამფუძნებელი.

“ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, შშმ პირთა საერთაშორისო დღე და ყველაზე მთავარი ისაა, რომ ამ ქვეყანაში დადგეს ის დღე და შესაძლებლობა, რომ გადაადგილება, რეგიონებში ხელმისაწვდომი ინფრასტრუქტურა შესაძლებელი გახდეს. ეს პრიორიტეტი უნდა იყოს, რომელიც ამაში უნდა აისახოს. თბილისში, იმ დღიდან, როცა რამდენიმე წლის წინ სიმონს ქუჩაში შევხვდი, ტროტუარზე ვერ გადადიოდა, გადასასვლელიც არ იყო, მართალია ბევრი რამ შეიცვალა, ალბათ იმდენი არა, რამდენიც საჭიროა, თუმცა ქალაქში უფრო მოხდა ცვლილებები, ვიდრე რეგიონში და ჩვენ ვალდებულება გვაქვს, ჩვენი რეგიონები ნამდვილად ევროპული რეგიონები გავხადოთ.

როცა ვლაპარაკობთ და ხელს ვაწერთ ამ განცხადებას – ჩვენი ხმა ევროპას, თქვენი ხმა ევროპას, ეს სწორედ ამას ნიშნავს და სხვა არაფერს. ეს არაა რაღაც პოლიტიკური განაცხადი, ესაა განაცხადი, რომ ამ ქვეყანაში დღეს, და არა ოდესღაც, ყველასთვის შესაძლებელი და ხელმისაწვდომი გახდეს იგივე უფლებები. იგივე უფლებები სახლიდან გამოსვლის და აღარ იყოს ის, რომ საქართველოში თქვენ ნაწილობრივ არ ჩანხართ, რადგან გამოსვლა, გადაადგილება რთულია, პროფესიული განვითარება რთულია, დასაქმება რთულია, ცოდნის მიღება რთულია, სარგებლობა, მაგალითად ,,ერაზმუსით”, რომელიც ძალიან ბევრ სტუდენტს ევროპაში სწავლა-განათლების საშუალებას აძლევს, თქვენთვის ესეც მეტად რთულია. ამიტომ ვთვლი, რომ ეს ჩვენი საერთო პრიორიტეტი, საერთო განაცხადია – საქართველო, რომელიც გვინდა, ევროპული საქართველო სწორედ ამ კეთილდღეობას, ამ უფლებების უნდა მოიცავდეს. ამას ერთად უნდა მივაღწიოთ. ეს არ არს მხოლოდ ვიღაცის პროტესტი ან განაცხადი, ეს უნდა იყოს მთელი საზოგადოების განაცხადი და მე მინდა რომ ამ განაცხადს შევუერთდე.

ასევე მოხარული ვარ, რომ ეს დღე ქალბატონო მიმოზა თქვენი და თქვენი შემოქმედების წარდგენა იქნება. თქვენი მაგალითი სწორედ ის მაგალითია, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა აჯობოს ბედს, დაამარცხოს ის, რაც მოცემულობაა და ამით თვითონ მონახოს თავისი სრულყოფილი ადამიანობა. ეს ის მაგალითია, რისი დაჯილდოებაც ჩვენ დღეს გვინდა – არა როგორც მხოლოდ პოეტის, არამედ როგორც მხნეობის და ნამდვილად ბედზე, შეზღუდულ შესაძლებლობებზე გამარჯვების მაგალითის. ამის მერე სიტყვა შეზღუდულის თქმა აღარ შეიძლება, ეს არის სრული შესაძლებლობები.“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა შშმ პირთა საკითხებში, სიმონ პეტრიდისმა სიტყვით მიმართა საზოგადოებას.

“დღეს აღინიშნება შშმ პირთა საერთაშორისო დღე და ყოველწლიურად ამ დღეს გააჩნია თავისი თემა, წელს ეს თემა გახლავთ – ერთად ვიმოქმედოთ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისთვის. მდგრადი განვითარების მიზნები თავის თავში მოიცავს იმას, რომ არავინ არ უნდა დარჩეს იმ სიკეთეების მიღმა, რაც ამ მიზნების მიღწევით შეიძლება და სწორედ მდგრადი განვითარების მიღწევა შესაძლებელი იქნება, მხოლოდ შშმ პირების ჩართულობით და სრული მონაწილეობით ამ მიზნების მიღწევაში.

მართალია, უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით და სხვადასხვა მიმართულებით, იგივე ტექნოლოგიების განვითარების კუთხით, ჩვენ გვაქვს რაღაც პროგრესი, მაგრამ ბარიერები კვლავ რჩება და ამ ბარიერებზე საუბრისას მინდა ვისაუბრო ქალბატონ მიმოზაზე, რომელიც მართლაც არის მაგალითი ამ ბარიერების დაძლევის. მოგეხსენებათ სიტყვას აქვს დიდი ძალა და მე მისი შემოქმედებიდან დამამახსოვრდა ორი სიტყვა – ბედთან მორკინალი. სწორედ იმის მერე ვირწმუნე და გამიჩნდა სურვილი, რომ მეც დამეწყო ჭიდილი ბედთან”, – განაცხადა სიმონ პეტრიდისმა.

მიმოზა ცანავამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს.

“ქალბატონო პრეზიდენტო, უღრმესი მადლობა თანადგომისთვის, ამ შესაძლებლობისთვის. შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და ჩვენ შეზღუდული შესაძლებლობები კი არ გვაქვს, შეზღუდულია გარემო ჩვენთვის. როცა ამდენ რამეს გააკეთებ, როცა ეცემი და შენ მაინც მედგრად დგახარ ფეხზე, ეს ხომ გამარჯვებაა საკუთარ ბედზე. ჩვენ არაფრით არ განვსხვავდებით ჯანმრთელი ადამიანებისგან, უბრალოდ მეტი ტკივილის ტვირთი აგვკიდა ბუნებამ და ამ ტკივილის ტვირთის ზიდვაში, თქვენ ჯანმრთელები უნდა შეგვეხიდოთ.“- აღნიშნა მიმოზა ცანავამ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img