“ოცნების” საპატიო თავმჯდომარესა და საპარლამენტო უმრავლესობას მოვუწოდებთ, ამ საგაზაფხულო სესიიდანვე დავიწყოთ მუშაობა კონსტიტუციურ ცვლილებაზე, პრეზიდენტის საქართველოს მოქალაქეების მიერ პირდაპირი გზით არჩევის წესის დაბრუნებასთან დაკავშირებით, -განაცხადა ბექა ლილუაშვილმა .
მისი თქმით, უკონტროლო ძალაუფლების პრობლემა თავად ბიძინა ივანიშვილმა აღიარა, თუმცა პრობლემის მოგვარების გზად მაკონტროლებლის როლში საზოგადოებას საკუთარი თავი შესთავაზა. ლილუაშვილის განცხადებით, დემოკრატიულ სისტემაში შეუძლებელია ერთი ადამიანი იყოს სახელმწიფო სტაბილურობის გარანტი.
„გახარიას გუნდი, პარტია „საქართველოსთვის“ გამოდის ინიციატივით, საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელდეს ცვლილება პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით. კერძოდ, დაბრუნდეს მანამდე არსებული წესი და საქართველოს მომავალი პრეზიდენტი საარჩევნო კოლეგიის ნაცვლად, კვლავ პირდაპირი წესით საქართველოს მოქალაქეებმა აირჩიონ. ეს უზრუნველყოფს პრეზიდენტის საჭირო ლეგიტიმაციასა და დამოუკიდებლობას.
ხელისუფლებაში ბალანსის პრობლემაზე ისაუბრა ბიძინა ივანიშვილმაც, რომელმაც აღიარა „ოცნების” ხელისუფლების შეუზღუდავი და უკონტროლო ძალაუფლების პრობლემა, მაგრამ პრობლემის კონსტიტუციურად მოგვარების ნაცვლად საკუთარი თავი შემოგვთავაზა ხელისუფლების მაკონტროლებლის როლში, სხვათა შორის, უკვე მესამედ. მიუხედავად ამდენი იმედგაცრუებისა, რომც დავიჯეროთ, რომ ივანიშვილს თავისივე “ოცნების” ძალაუფლების დაბალანსება უნდა, დემოკრატიულ სისტემაში შეუძლებელია ერთი ადამიანი წარმოადგენდეს სახელმწიფო სტაბილურობის გარანტს. შესაბამისად, ლოგიკურად, მის ინტერესშიც უნდა შედიოდეს მაღალი ლეგიტიმაციის კონსტიტუციური ინსტიტუტების შენარჩუნება. ამიტომ, მოვუწოდებთ “ოცნების” საპატიო თავმჯდომარესა და საპარლამენტო უმრავლესობას, ამ საგაზაფხულო სესიიდანვე დავიწყოთ მუშაობა კონსტიტუციურ ცვლილებაზე, სახელმწიფოს მეთაურის – პრეზიდენტის საქართველოს მოქალაქეების მიერ პირდაპირი გზით არჩევის წესის დაბრუნებასთან დაკავშირებით.
ეს საკითხი ჩვენ პარტიის საარჩევნო პროგრამის ნაწილშიც გვქონდა, მაგრამ საახალწლო სიურპრიზების შედეგად, ჩვენდა სასიკეთოდ მოხდა ამ პროცესების დაჩქარება. ეს გამოცდილება არ არის უცხო, ბევრ ევროპულ სახელმწიფოს მოუწია დაებრუნებინათ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი,”- განაცხადა ლილუაშვილმა.