2 მარტიდან ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები დამატებით კიდევ რამდენიმე მარშრუტზე გაეშვება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ავტობუსები თავდაპირველად იმ მარშრუტებზე გავა, სადაც მაღალი მგზავრთნაკადი ფიქსირდება.
„როგორც იცით, გასული წლის ბოლოს დაიწყო დედაქალაქში 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა. ეს არის იმ სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ. რეფორმის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ავტობუსის პარკის განახლებაა, თუმცა დამატებით დაგვჭირდა 18-მეტრიანების შემოყვანა, რომ უფრო მეტი მგზავრის გადაყვანა მოხერხდეს. 160 ერთეული ავტობუსი უკვე შესყიდულია და ეტაპობრივად შემოდის. აქედან 50 ერთეული უკვე თბილისშია. დავიწყეთ კონკრეტულ ხაზებზე ავტობუსების გაშვება. თავდაპირველად, შევარჩიეთ ოთხი ძირითადი მიმართულება, სადაც დღიურად 55 000 მგზავრობა ფიქსირდებოდა. მაღალი მგზავრთნაკადიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო, დატვირთვა პირველ რიგში ამ მიმართულებებზე შეგვემსუბუქებინა. 2 მარტიდან ვიწყებთ სხვადასხვა ხაზზე 18-მეტრიანი ავტობუსების ეტაპობრივად გაშვებას. შესაბამის ინფორმაციას საზოგადოებას მივაწვდით“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, მარტიდან ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები ეტაპობრივად გადანაწილდება შემდეგ მარშრუტებზე: N301, N308 და N314.