პაატა მანჯგალაძე “ხალხის ძალის” წერილზე – რა სისულელეა და რა ბოდვაა, რუსებსაც კი არ აქვთ მაგასთან დაკავშირებით კითხვა

Published:

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “რეფორმების ჯგუფის” წევრის, პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივნის პაატა მანჯგალაძის შეფასებით, “ხალხის ძალად” წოდებული პარტია არაფერს ლაპარაკობს იმ საჭიროებებზე, რომელიც რეალურად აწუხებს საქართველოს მოსახლეობას.

მისი განმარტებით, “ხალხის ძალის” წერილი, რომელიც 2008 წლის ომის გამოძიებას ეხება, ბოდვაა და ამასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში კითხვების დასმა სირცხვილია.

“ხალხის ძალა” დაირქვეს, ვითომ “ხალხის ძალამ” და არც ერთ საკითხზე არ საუბრობენ, რაც საქართველოს მოქალაქეს სჭირდება. რა სისულელეა და რა ბოდვაა, რუსებსაც კი არ აქვთ მაგასთან დაკავშირებით კითხვა, სირცხვილია საქართველოს პარლამენტში ამ კითხვების დასმა”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “საქართველოსთვის” წევრის მიხეილ დაუშვილის განცხადებით, “ხალხის ძალამ” უნდა განმარტოს რის გამოძიებას აპირებს და ამის შემდეგ შეიძლება ამასთან დაკავშირებით მსჯელობა.

“თქვან რის გამოძიებას აპირებენ და მერე ვიმსჯელოთ იმაზე, რის გამოძიებაზე საუბრობენ საერთოდ. თუ აგვისტოს ომზე მეკითხებით, მე ძალიან მკაფიოდ გპასუხობთ, რომ ეს იყო რუსეთის სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. რუსეთმა, კონკრეტულმა ადამიანებმა უამრავი დანაშაულები ჩაიდინეს საქართველოში და მათ ამისთვის პასუხი უნდა აგონ. ამასთანავე, მათ უნდა დატოვონ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები, რადგან ოკუპირებული აქვთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ი”, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img