საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო – საკრებულოს მაჟორიტარის არჩევნების მეორე ტურის გაუქმება უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება

Published:

ხელისუფლება საარჩევნო კანონმდებლობის გაუარესებას და საკუთარ თავზე მორგებას ცდილობს – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” განცხადებას ავრცელებს და პარლამენტს მოუწოდებს მმართველი გუნდის საკანონდებლო ინიციატივა არ მიიღოს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”  პირდაპირ წერს, რომ “ოცნების” მიერ წარმოდგენილი ცვლილება უკან გადადგმული ნაბიჯია.

  • მიმდინარე წლის 20 მარტს „ქართული ოცნების” დეპუტატებმა პარლამენტს მიმართეს საარჩევნო კოდექსში ცვლილების ინიციატივით, რომელიც მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატების ასარჩევად დადგენილი მინიმალური 40%-იანი ბარიერის გაუქმებას ითვალისწინებს. ცვლილების მიღების შემთხვევაში საკრებულოს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურები აღარ იარსებებს, რაც ზრდის ამომრჩეველთა ხმების დაკარგვის რისკს და არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებს უკარგავს შანსს, რომ მეორე ტურში მხარი ერთიან ოპოზიციურ კანდიდატს დაუჭირონ.
  • კანონის მოქმედი რედაქციით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე კანდიდატის საკრებულოს წევრად არჩეულად ითვლება მაშინ, როდესაც ის მიიღებს კონკურენტებზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ ხმების 40%-ისა. იმ შემთხვევაში თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ გადალახავს 40%-იან ბარიერს, ინიშნება მეორე ტური. აღნიშნული ბარიერი საარჩევნო კოდექსში 2021 წელს დაწესდა.
  • წარმოდგენილი ცვლილება ასევე ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ საკრებულოს წევრად არჩეულ იქნეს კანდიდატი, რომლის წინააღმდეგაც უფრო მეტმა ამომრჩეველმა მისცა ხმა, ვიდრე მის მხარდასაჭერად. საბოლოო ჯამში, იზრდება საფრთხე იმისა, რომ ამომრჩეველთა მიერ გამოხატული ნება ადექვატურად არ აისახოს  მანდატებში. 
  • ამრიგად, წარმოდგენილი ცვლილება აშკარად უკან გადადგმული ნაბიჯია, რაც ასევე ასახავს საერთო ტენდენციას, რომელიც უკანასკნელ წლებში, არჩევნებთან დაკავშირებით, “ქართული ოცნების” ხელისუფლების საკანონმდებლო პოლიტიკაში შეინიშნება. კერძოდ, ხელისუფლება სულ უფრო ხშირად ცდილობს საარჩევნო კანონმდებლობის გაუარესებას და საკუთარ თავზე მორგებას. საილუსტრაციოდ, საკმარისია გავიხსენოთ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევასთან დაკავშირებით ახლახანს მიღებული ცვლილებები საქართველოს საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში, რომლებიც მთლიანად უგულებელყოფს ვენეციის კომისიისა და ოდირის რეკომენდაციებს.
  • ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ პარლამენტს არ მიიღოს ინიცირებული კანონპროექტი”, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

“ქართული ოცნება” საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერის გაუქმებას გეგმავს. პარლამენტში ინიცირებულია პროექტი, რომლის მიღების შემთხვევაშიც, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს. ის პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

კანონპროექტში კიდევ ერთი ცვლილება შედის. კერძოდ, ცნობილია რომ 2024 წლის არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს და ქვეყანას მაჟორიტარები აღარ ეყოლება, “ოცნებას” კანონში მაჟორიტარის ნაცვლად შემოაქვს მცნება “დელეგატი”. 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img