ჰერჩინსკი – დიალოგის გასააქტიურებლად რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტს წევრი სახელმწიფოების მონაწილეობით ვგეგმავთ

Published:

ჩვენ გაფართოების ანგარიშის შემუშავების პროცესში ვართ, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

როგორც ჰერჩინსკიმ აღნიშნა, მათი სურვილია, საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის მზად იყოს და ეს სარგებელს როგორც ევროკავშირს, ისე საქართველოს მოუტანს.

„საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს ისტორიული ნაბიჯი ჩვენ ყველამ ერთად აღვნიშნეთ. გადაწყვეტილება 27-მა წევრმა ქვეყანამ ერთხმად მიიღო, მაგრამ იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს, მას ცვლილებები სჭირდება და ეს ცვლილებები გარდამქმნელი უნდა იყოს. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის მზად იყოს და ეს სარგებელს როგორც ევროკავშირს, ისე საქართველოს მოუტანს. ამიტომაც გვჭირდება რეფორმები.

ზოგიერთი რეფორმა არ არის მარტივი და დიდ ძალისხმევას და ყველას ერთად მუშაობას მოითხოვს და იმისათვის, რომ კომპასი, საგზაო რუკა შეგვექმნა კანდიდატის სტატუსის პოზიტიურ გადაწყვეტილებასთან ერთად, ჩვენ შევიმუშავეთ ე.წ. ცხრა ნაბიჯი. ეს ის რეფორმებია, რომლებიც აუცილებელია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობისკენ წინსვლისთვის.

ჩვენ გასული წლის ოქტომბრიდან მიმდინარე წლის ოქტომბრამდე მიღწეულ პროგრესს შევაფასებთ და მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდება. ბევრი დადებითი ელემენტია. ასე რომ, ჩვენ ვხედავთ მონდომებას, ვხედავთ საკანონმდებლო ინიციატივებს, ამავდროულად ღია კითხვები არსებობს, სადაც ჩვენ უნდა დავსხდეთ და ვისაუბროთ. როგორც ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ჩემი პასუხისმგებლობაა, დავრწმუნდე, რომ კონტაქტები მაქსიმალურად ინტენსიურია. დიალოგის გასააქტიურებლად რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტს ვგეგმავთ, მათ შორის ევროკავშირის ინსტიტუტებისა და 27 წევრი სახელმწიფოს მონაწილეობით. იმიტომ, რომ ჩვენ დროის დაკარგვა არ შეგვიძლია, დრო ძვირფასია და ჩვენ უკვე გაფართოების ანგარიშის შემუშავების პროცესში ვართ, რომელიც ოქტომბერში გამოქვეყნდება, კვლავ ევროკომისიის რეკომენდაციებით, რათა შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ ან მოვიცადოთ. მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საკმარისი პროგრესი იქნება მიღწეული, რათა ჩვენ წევრ ქვეყნებს შემდეგ ეტაპებზე გადასვლა შევთავაზოთ.

რა თქმა უნდა, არის ღია საკითხები და ჩვენ მათ შესახებ ძალიან გულწრფელები ვართ. ეს საკმაოდ ბუნებრივია. თუ გადავხედავთ ცხრა ნაბიჯს, ისინი ძალიან სერიოზულ რეფორმებს მოიცავს, მათ შორის ისეთ მგრძნობიარე სფეროებზე, როგორიც სასამართლო რეფორმებია. ამიტომ უნდა დავსხდეთ, უნდა ვისაუბროთ, ერთმანეთის არგუმენტები უნდა მოვისმინოთ. რაც მთავარია, ევროკავშირსაც სურს, რომ საქართველო გახდეს ჩვენი ოჯახის წევრი და პარლამენტის ყველა პოლიტიკურ პარტიას ზუსტად იგივე სურვილი აქვს. ასე რომ, თუ არის სურვილი, დარწმუნებული ვარ, გზაც იქნება“, – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img