ყოველ ჯერზე მტყუანი აღმოჩნდნენ საელჩოები, დონორები, „ენჯეოები“, ოპოზიცია – შალვა პაპუაშვილი

Published:

თუ ვინმეს რაიმე არგუმენტი აქვს ქართული მართლმსაჯულების სისტემურ პრობლემასთან დაკავშირებით, თქვან – მილიონი შეხვედრა შედგა, ქართველ “ენჯეოებთან” და ოპოზიციასთან თუ უცხოელებთან, არცერთ ასეთ შეხვედრაზე ვერავის მოჰყავს რაიმე დამაჯერებელი არგუმენტი ქართულ მართლმსაჯულებაში სისტემურ პრობლემაზე, ყოველ ჯერზე მტყუანი აღმოჩნდნენ ის საელჩოები, დონორები, “ენჯეოები”, ოპოზიცია, ვინც კონკრეტულ მოსამართლეებს ესხმოდნენ თავს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მიზანში ჰყავდათ ამოღებული მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე და ცდილობდნენ მორალურად გაენადგურებინათ, რაშიც “ევროპული და ამერიკული ფული იხარჯებოდა”.

მისივე თქმით, “სანამ ვინმე სიტყვა “ვეტინგს” ახსნებს, ბოდიში უნდა მოუხადონ ქართულ მართლმსაჯულებას, ლაშა ჩხიკვაძეს და სხვა მოსამართლეებს”.

“ამ შემთხვევამ [ლაშა ჩხიკვაძის დასანქცირებამ] კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა, რასაც სხვა საქმეებზეც ვამბობდით – “რუსთავი 2”- ის, მელიას, სააკაშვილის, ახალიას და სხვა საქმეებზე როგორი ორკესტრირებული თავდასხმა იყო ხოლმე ოპოზიციის, “ენჯეოების”, ზოგიერთი უცხოელი აქტორების, მათ შორის ზოგიერთი საელჩოს მხრიდან. წლების განმავლობაში, 2015 წლიდან დაწყებული (რაც “რუსთავი 2”-ის საქმე დაიწყო), ფაქტობრივად დღემდე, ყოველ ჯერზე ისმის ორკესტრირებული თავდასხმა ქართულ მართლმსაჯულებაზე სხვადასხვა საელჩოს მონაწილეობით და ელჩების პირადი ჩართულობით. შემდეგ, გადის წლები და ირკვევა, რომ ქართული მართლმსაჯულება იყო მართალი და ყველა, ვინც მას პოლიტიკურ მიკერძოებას აბრალებდა, აღმოჩნდა მტყუანი. ახსნა აქვს ორი – ან გამოდის, რომ ყველა საელჩო, ამერიკის, ევროკავშირის და სხვა ქვეყნების საელჩოები, “ენჯეოები”, ოპოზიცია მიამიტები არიან და საკითხში ვერ ერკვევიან, ან არის სხვა, უფრო არაკეთილსინდისიერი განზრახვა ამის უკან. ბოლოს მელიასთან და 20 ივნისთან დაკავშირებით იყო გადაწყვეტილება – ყოველ ჯერზე მოვუწოდებ ხოლმე საელჩოებს, გამოვიდნენ და განმარტონ, რატომ ჰქონდათ პოზიცია მართლმსაჯულებაზე თავდასხმის მაშინ და აპირებენ თუ არა, გამოთქვან წუხილი მაინც, ბოდიში თუ არა”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img