პროკურატურამ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე 2 პირს ბრალი წარუგინა

Published:

პროკურატურამ ე.წ. ქოლ-ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა.

ბრალდებულებს ავსტრალიის მოქალაქის კუთვნილ 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლებისთვის, 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 

“საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულისთვის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ე.წ. ქოლ-ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ე.წ. ქოლ-ცენტრი ჩამოაყალიბეს და მისი ფუნქციონირებისთვის ელექტრონული სავაჭრო პლატფორმა შექმნეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გამოგონილი სახელებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უკავშირდებოდნენ და ნდობის მოპოვების შემდეგ, დაზარალებულებს მოგების მიღების მიზნით ფულადი თანხების ინვესტირებას სთავაზობდნენ, რასაც შემდგომ თაღლითურად ეუფლებოდნენ.

მათ შორის, ბრალდებულები ავსტრალიის მოქალაქის კუთვნილ 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხას თაღლითურად დაეუფლნენ, კერძოდ დაზარალებულმა კრისტოფერ ფლამინმა ორგანიზებული ჯგუფის წევრების მითითებით მათ ჩაურიცხა 33 600 ავსტრალიური დოლარი, 37 959 ავსტრალიური დოლარის ღირებულების ბიტკოინი და 96 179 ავსტრალიური დოლარის ღირებულების ეთერეუმი.

დაკავებულებს ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, უცხო ქვეყნის მოქალაქე სხვა დაზარალებულების იდენტიფიცირებისა და მათთვის მიყენებული მატერიალური ზიანის სრული მოცულობის  დადგენის მიზნით გამოძიება გრძელდება,” – ნათქვამია განცხადებაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img