29 მარტს საქართველოში თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული დღე აღინიშნება

Published:

29 მარტს საქართველოში თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 25 წელზე მეტია, ამ დღის დაარსებით, ქართველმა სამოქალაქო საზოგადოებამ დაიწყო აქტიური მუშაობა მავნე გავლენების შესამცირებლად.

„მიუხედავად იმისა, რომ ექვსი წელი სრულდება თამბაქოს კონტროლის კანონის ამოქმედებიდან და თამბაქოს კონტროლის რეფორმების მხრივ ქვეყანამ პროგრესს მიაღწია, თამბაქოს ახალი პროდუქტების, ელექტრონული სიგარეტის და გასახურებელი თამბაქოს აგრესიული მარკეტინგის და პოპულარიზაციის შედეგად მწეველობა კვლავაც აქტუალური პრობლემაა. განსაკუთრებით მტკივნეულია ბავშვებში თამბაქოს ახალი პროდუქტების მოხმარების ზრდა და მოწევაზე დამოკიდებულება. რაც უფრო მეტად ვცდილობთ თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების სრულყოფას, მით მეტად აქტიურობს თამბაქოს ინდუსტრია საქართველოს პარლამენტში.

უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მათი ლობისტების ხელით კანონის შემასუსტებელი ცვლილების ინიციატივა ინიციატივაზე შეაქვთ. ამჯერადაც, პარლამენტში განიხილება პროექტი, რომლის მიხედვით, თამბაქოს მასალებზე (თუთუნი, საჩილიმე, საღეჭი და სასუნთქი თამბაქო) აქციზის გადასახადის ფასი უნდა განახევრდეს, რაც უკანგადადგმული ნაბიჯია და ემსახურება კონკრეტული ინდუსტრიის ინტერესებს და არანაირად ხელს არ უწყობს ადგილობრივი და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას. თამბაქოს მოხმარების შედეგად, ყოველწლიურად 11000 – ზე მეტი ადამიანი იღუპება, მათგან 3000 პასიური მწეველი, თამბაქოს მეორადი კვამლის მსხვერპლი იყო.

2018 წლის პირველი მაისიდან, თამბაქოს კონტროლის ახალი კანონის ამოქმედების შედეგად საზოგადოებრივი თავშეყრის, დახურული სივრცეები სრულად გათავისუფლდა მომწამვლელი კვამლისგან და წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც ეწეოდნენ ყველგან და ყველასთან, მოწევა ცხოვრების ნორმასავით იყო.

მეორადი კვამლის მავნე შედეგების აღმოსაფხვრელად, 2021 წლის მიწურულს, პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო და მოწევა აიკრძალა ტაქსებში. მოწევა დაუშვებელია კერძო ავტომობილებშიც, თუ მისი საშუალებით არასრულწლოვანი გადაადგილდება. სამწუხაროდ, მეორადი კვამლის მავნე ზეგავლენისგან კვლავაც დაუცველი არიან ადამიანები კაზინოებში, სლოტკლუბებსა და თეატრის სცენაზე. აღნიშნულ სივრცეში მოწევის აკრძალვა პარლამენტის, როგორც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ვალდებულებად მიგვაჩნია, თუმცა მიმდინარე პროცესების თანახმად, პარლამენტი საზოგადოების ინტერესებზე მეტად თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესების დაცვაზე ზრუნავს. უმოკლეს დროში მიიღეს ცვლილებები თამბაქოს პროდუქტების სადა შეფუთვითს რეალიზაციის ვადების 2024 წლის 31 ივნისამდე გადაწევის შესახებ და მალევე თამბაქოს კომპანიის მწარმოებლებისა და რეალიზატორებისთვის ძველი შეფუთვით პროდუქციის ამოყიდვის რვათვიან საშეღავათო ვადაზე დათანხმდნენ, ასევე გასახურებელი თამბაქოსთვის სადა შეფუთვის ვალდებულება მოიხსნა და თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვაზე ინგლისურენოვანი წარწერების დატანის უფლება დაიშვა.

თამბაქოს ინდუსტრიის მიმართ ხელშეწყობის მანიშნებელია თვალის დახუჭვა მცდელობაზე, მარკეტინგის იარაღად აქციონ ექიმები, ვინც ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას უნდა ეწეოდეს. თამბაქოს ინდუსტრია სხვადასხვა სახის, სამედიცინო ზრუნვის ფორმატით შეფუთული სემინარებით, ტრენინგებით და კონფერენციებით (რაც კანონით ეკრძალება) ცდილობს ექიმები მოისყიდოს, ან დაარწმუნოს, რომ თამბაქოს ახალი, ტექნოლოგიური ნაწარმი მწეველ პაციენტებს შესთავაზონ, როგორც მოწევაზე თავის დანებების ალტერნატივა. არადა, მოწევაზე თავის დანებების ერთადერთი ალტერნატივაა თამბაქოს ნებისმიერ პროდუქტზე უარის თქმა და ვისაც ეს დამოუკიდებლად არ შეუძლია, სახელმწიფო მოწევაზე თავის დანებების სხვადასხვა პროგრამებს სთავაზობს.

დასანანია, რომ სახელმწიფო ამ დრომდე აყოვნებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი ჯანდაცვის, საკომუნიკაციო პროგრამების ამოქმედებას და გაძლიერების ნაცვლად, დაფინანსებას უმცირებს თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამას, რომლის გარეშე თამბაქოს კონტროლის კანონი, ფურცელზე დაწერილი რეგულაციების კრებული იქნებოდა და თამბაქოს კონტროლის რეფორმაც ჩანასახშივე შეწყდებოდა.

საქართველო კვლავაც არ შეერთებია თამბაქოთი უკანონო ვაჭრობის აქტს, რაც ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს, გაიზიაროს სხვა ქვეყნების გამოცდილება, მიიღოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ტექნიკური მხარდაჭერა, რითაც მინიმუმამდე დაიყვანს თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობის მაჩვენებელს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img