ყოველწლიური მასობრივი სპორტული ღონისძიება და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები – რიგით მე-13 „თბილისიმარათონის“ მონაწილეები ახალი სტარტით ძველი მარშრუტის დასაძლევად ემზადებიან. ღონისძიება, რომელიც საქველმოქმედო მიზანს, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას და ტურიზმის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, ტრადიციულად, თბილისის ცენტრალურ უბნებში გაიმართება. განსხვავებული ეროვნების, ასაკის და შესაძლებლობების ადამიანებს სოციალური პასუხისმგებლობის განცდა ამჯერად 22 სექტემბერს გააერთიანებს. ორგანიზატორები მათთვის განსაკუთრებულ გარემოს შექმნიან.
– „მოგეხსენებათ, თბილისი მარათონი სტარტს პირველი კლასიკური გიმნაზიის წინ რუსთაველის გამზირზე იღებდა, თუმცა მონაწილეების გაზრდილი რაოდენობიდან გამომდინარე, წელს ლოკაცია რესპუბლიკის მოედანზე გადაინაცვლებს. აღნიშნული ადგილმდებარეობა მოგვცემს საშუალებას, ბევრად უფრო კომფორტული სივრცეები მოვაწყოთ, როგორც მონაწილეებისთვის, ასევე ორგანიზატორებისთვის, სპონსორებისთვის, მხარდამჭერებისთვის, მოხალისეებისთვის და ა.შ. ამავე ლოკაციაზე გაიმართება დაჯილდოების ცერემონიაც. იგეგმება ბევრი სახალისო აქტივობა, რომელთა ნაწილს სიურპრიზად დავტოვებ.
რაც შეეხება მარშრუტს, ძალიან სკრუპულოზურად არის შერჩეული და შესაბამისად, უცვლელად დარჩება, თუმცა, თუ ადრე მონაწილეები ელბაქიძის მიმართულებით მიემართებოდნენ და მერე გადადიოდნენ მარჯანიშვილისკენ, ამ შემთხვევაში პირიქით მოხდება – მორბენალები გეზს რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველისკენ აიღებენ, შემდეგ გზას თავისუფლების მიმართულებით გააგრძელებენ, ლესელიძეზე გადავლენ და ა.შ.
ტრადიციულად, მსურველებს შესაძლებლობა მიეცემათ, ირბინონ ბავშვებით, ძაღლებით, ეტლებით, ნებისმიერი მათთვის მოსახერხებელი ჩაცმულობითა და იმიჯით, დაფარონ მათთვის მისაღები მანძილი და სხვა. თუმცა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მონაწილეებს გარკვეული წესების დაცვა მაინც მოუწევთ“, – აღნიშნა პროექტის მენეჯერმა, მანანა შაფაქიძემ.
ყოფილი სპორტსმენი, წარმატებული ჩოგბურთელი, მანჩო შაფაქიძე, თბილისიმარათონის საორგანიზაციო ჯგუფს 2022 წელს შეუერთდა. დიდი გამოცდილებისა და წინააღმდეგობის დაძლევის სპორტული ჟინის მიუხედავად, პანდემიის შემდგომმა სირთულეებმა თავი მაინც იჩინა. აზარტულმა ბუნებამ, საკუთარი თავის გამოწვევამ, გუნდის თანადგომამ და უკეთესი შედეგის დადების სურვილმა ყველა წინაღობა გადაალახვინა და ერთ-ერთი სამაგალითო სპორტული ღონისძიების ჩატარების შესაძლებლობა მისცა. თბილისიმარათონმა საყოველთაო მოწონება, თბილისის მერიის აღიარება და შესაბამისი ჯილდოც დაიმსახურა.
– „შარშანდელი ღონისძიება ერთ-ერთი სამაგალითო სპორტული მასობრივი გარბენი იყო და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის აღიარებაც დავიმსახურეთ, გადმოგვეცა შესაბამისი ჯილდოც. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვუცრუებთ იმედებს პროექტში ჩართულ მხარეებს, პირიქით, ვცდილობთ, ყოველწლიურად უფრო მეტი კომფორტი და შთამბეჭდავი მოგონებები შევუქმნათ.
თბილისიმარათონის დღე ყოველთვის განსაკუთრებულია. სხვა დროს ვერ ნახავ თავისუფალ, სპორტული აზარტით შეპყრობილ ქუჩებს მანქანების გამონაბოლქვის გარეშე. მონაწილეს ერთ დღეში შეუძლია, შემოირბინოს ძველი თბილისი და პარალელურად, დატკბეს სანახაობით.
ვფიქრობ, რომ ეს ღონისძიება არის თითოეული ადამიანის შანსი, გამოცადოს საკუთარი თავი, დაისახოს გარკვეული მიზანი და იამაყოს საკუთარი მიღწევებით.
აღსანიშნავია, რომ მორბენალების უმრავლესობას უფრო მეტად ქველმოქმედება აინტერესებს, ბენეფიციარის დახმარებას ცდილობს და პარალელურად, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასაც ეწევა. მათთვის მთავარი მონაწილეობაა. რაც შეეხება გამარჯვებას, ბუნებრივია, ინტერესი ამ მხრივაც დიდია. გამომდინარე იქიდან, რომ თბილისიმარათონი აღიარებული საერთაშორისო გარბენია, რეკორდსმენი სპორტსმენების შედეგები, თუ, რა თქმა უნდა, ასეთს ადგილი ექნება, მსოფლიო რეკორდების სიაში მოხვდება.
გარდა ამისა, ეს ღონისძიება ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტია ჩემთვის, როგორც ორგანიზატორისთვის. ჩართული ხარ ღონისძიების დაგეგმვის ყველა ეტაპზე. გამომდინარე იქიდან, რომ თბილისიმარათონს მრავალწლიანი ისტორია აქვს, გაქვს განცდა, რომ უკვე რაღაც დიდის ნაწილი ხარ. ამასთან გეძლევა საშუალება, შემოიტანო სიახლეები, მიიღო გადაწყვეტილებები, რომელიც ბევრი ადამიანის გახარების საფუძველი იქნება, ჩადო ენერგია, ძალისხმევა და დატკბე შედეგით. ძალიან დიდი ბედნიერებაა, როდესაც ხედავ, როგორ იზრდება და ვითარდება პროექტი შენს ხელში.“
საერთაშორისო ინტერესი, შთამბეჭდავი სტატისტიკა და სპონსორების ჩართულობა პროექტის მენეჯერს დიდ მოლოდინებს უქმნის. თვლის, რომ წლევანდელ ღონისძიებაზე მონაწილეების რაოდენობა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწევს. ამბობს, რომ სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ბევრი არასპორტსმენი ადამიანიც მოვა და სიმბოლური დისტანციის გარბენას შეეცდება. ღონისძიებაზე, ტრადიციულად, 60-მდე ქვეყნის უცხოელ მორბენალსაც ელოდებიან.
– „წლევანდელი სტატისტიკა შარშანდელთან შედარებით უკვე გაორმაგებულია. ჩვენი ნახევარმარათონი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. უცხოელ მონაწილეთა უმრავლესობა საქართველოში სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ჩამოდის, თუმცა გარბენით აქ მყოფი ტურისტებიც ინტერესდებიან. შარშან გვქონდა შემთხვევა, როდესაც უცხოელმა თბილისიმარათონის შესახებ შემთხვევით გაიგო, მონაწილეობაც მიიღო და მეორე ადგილიც დაიკავა.
უნდა აღინიშნოს, რომ სულ უფრო იზრდება ინტერესი სპონსორების და მხარდამჭერების მხრიდან. მოგეხსენებათ, თბილისიმარათონს დაარსების დღიდან უდგას გვერდით თბილისის მერია, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საპატრულო პოლიცია. ჩვენ გვერდითაა გერმანიის და საბერძნეთის საელჩოებიც. ეს უკანასკნელი უკვე მესამე წელია, განსაკუთრებული საჩუქრებით ანებივრებს მონაწილეებს – აძლევს ათენის მარათონში მონაწილეობის საშუალებას, რომელიც მოიცავს უფასო მგზავრობას, ცხოვრებას და კიდევ უამრავ ბენეფიტს. საინტერესოა ასევე გათამაშება ლოტოს პრინციპით – მას, ვინც ფინიშის ხაზს გადაკვეთს და პირველ ასეულში მოხვდება, საჩუქრის მიღების შესაძლებლობა ექნება.
წლევანდელი ღონისძიების გენერალური სპონსორია „ჰოკა“, სარბენი ფეხსაცმლის ბრენდი, რომელიც თემატურადაც პირდაპირ კავშირშია მარათონთან. აღნიშნული ბრენდის იდეა გაჩნდა მაშინ, როდესაც დამწყები თრეილის (მთის ბილიკებზე) მორბენალები ცდილობდნენ შეექმნათ ფეხსაცმელი, რომელიც მათ დაღმართზე სირბილს გაუმარტივებდა. ექსტრემალური/გრავიტაციული სპორტის აღჭურვილობით (თხილამურები და მთის ველოსიპედები) შთაგონებულებმა შეიმუშავეს ფეხსაცმლის სხვადასხვა დიზაინი და შედეგად, შექმნეს Hoka-ს პირველი პროტოტიპი. ეს იყო საკმაოდ დიდი ძირის მქონე ფეხსაცმელი, რომელმაც სირბილის ინდუსტრიაში (რომელიც იმ პერიოდში მინიმალისტური ტენდენციების ფონზე ვითარდებოდა) შოკური რეაქცია გამოიწვია. თუმცა, ეტაპობრივად ბრენდმა დიდი მოწონება დაიმსახურა – მომხმარებლები ფეხსაცმლის ტარებისას განსაკუთრებულ კომფორტსა და სიმსუბუქეს გრძნობდნენ. Hoka ცდილობს, შთააგონოს ადამიანებს, რომ იმოძრაონ მეტი. რაც ასევე ემთხვევა ჩვენს მიზანს – ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
„თბილისიმარათონი 2024“-ის მედიამხარდამჭერია პალიტრა ჰოლდინგი.
აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენს მრავალ მხარდამჭერს შორის არიან ახალი კომპანიებიც. ზოგიერთი მათგანი მხოლოდ მონაწილეებით არის წარმოდგენილი. დიდი კომპანიებიდან, როგორც წესი, 50-100 მორბენალი მაინც გვიერთდება და ეს ძალიან სასიხარულო ფაქტია.
ვთვლი, რომ საბოლოო ჯამში, ერთობლივი ძალისხმევით ძალიან მაღალი ხარისხის ღონისძიებას მივიღებთ. ყველა ჩართული მხარე, არ აქვს მნიშვნელობა, რა პროცენტულობით, რა შესაძლებლობით იქნება წარმოდგენილი, დაინახავს საკუთარი საქმის საუკეთესო შედეგს. ეს იქნება სავიზიტო ბარათი – ჩვენ შევძლებთ ვაჩვენოთ არა მარტო ჩვენს ქვეყანას, არამედ ევროპას, მსოფლიოს, თუ როგორი ღონისძიების ჩატარება შეგვიძლია და რამდენად მაღალ დონეზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წელიწადში ეს ერთი დღე ვაჩუქოთ ჩვენს მოქალაქეებს. შევეცდებით, არ დავაგდოთ ტემპი და ყოველ წელს რაც შეიძლება მეტი ინოვაცია შევთავაზოთ მხარეებს. აქვე აღვნიშნავ, რომ სიახლეები არ ეხება მხოლოდ თბილისიმარათონს ან ცალკეულ პროექტებს. საინტერესო ცვლილებები გვაქვს კომპანიაში რებრენდინგის მიმართულებითაც. გადავედით განვითარების ახალ საფეხურზე და შევქმენით ევროპული სტანდარტების მქონე, ადგილობრივ ბაზარზე მორგებული ბრენდი – ჰანიველ ცემენტი.
შეგახსენებთ, რომ „თბილისიმარათონი“ ყოველწლიური მასშტაბური საერთაშორისო გარბენია, რომელიც კომპანია ჰაიდელბერგცემენტის ორგანიზებით, თბილისის მერიის, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და გერმანიის საელჩოს პატრონაჟით იმართება. ღონისძიება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ქველმოქმედებას, სპორტისა და ჩვენი ქვეყნის ტურისტულ განვითარებას ემსახურება.
თბილისი მარათონი 3 გარბენს მოიცავს:
- ნახევარმარათონს (21.097 კმ) – რეგისტრაციის საფასური – 50 ლარი;
- 10 კილომეტრიან გარბენს – რეგისტრაციის საფასური – 40 ლარი;
- ბავშვთა გარბენს (5-11 წლამდე – 500მ და 12-15 წლამდე – 1კმ) – რეგისტრაცია უფასოა.
რეგისტრაციიდან შემოსულ თანხას ჰაიდელბერგცემენტი შერჩეულ ბენეფიციარს სრულად მოახმარს.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.