ვარაუდობენ, რომ აშშ-ში ქარიშხლის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა

Published:

ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთში დამანგრეველმა ქარიშხალმა „ჰელენმა“ შესაძლოა 600-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ასეთ ვარაუდს გამოთქვამს, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მრჩეველი ლიზ შერვუდ-რანდალი.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული ქარიშხლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 600-მდე იყოს“, – თქვა რანდალმა და დასძინა, რომ ეს რაოდენობა ჯერ საბოლოოდ დადასტურებული არ არის.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დადასტურებულია 130 ადამიანის სიკვდილი.

ქარიშხალ „ჰელენის“ შედეგად, ყველაზე მეტად დაზარალდნენ ფლორიდის, ჯორჯიის, ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინის, ასევე ტენესისა და ვირჯინიის შტატები.

ქარიშხალმა და მის შედეგად გამოწვეულმა კატასტროფულმა წყალდიდობამ რამდენიმე შტატში 2,7 მილიონი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა და დააზიანა ან მთლიანად გაანადგურა სახლები, კომერციული შენობები და გზები, ასევე წყლისა და კომუნიკაციების სისტემები.

ქარიშხალი “ჰელენი” მექსიკის ყურეში ჩამოყალიბდა და თავდაპირველად 26 სექტემბერს ფლორიდის შტატს დაატყდა თავს და შემდეგ მეზობელ შტატებში გადავიდა. ქარის სიჩქარე საათში 225 კილომეტრს აღწევდა, ის მეოთხე კატეგორიის ქარიშხლად იყო კლასიფიცირებული, რაც “უკიდურესად საშიშს”, ნიშნავს.

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 15 მილიარდიდან 100 მილიარდ დოლარამდე მერყეობს. ზუსტი მონაცემები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, ქარიშხალ „ჰელენის“ გამომწვევი მიზეზი კლიმატის ცვლილებაა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img