ოპოზიცია ჩატარებული არჩევნების გაუქმებას ითხოვს

Published:

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის გამო, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა არჩევნების შედეგების დაუყოვნებლივ გაუქმებას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვს. განცხადება პარტიის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ გააკეთა.

უტყუარი და დადასტურებული ფაქტია, რომ ყველა ბიულეტენზე ტოტალურად ხილვადი იყო ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანი და დარღვეული იყო კონსტიტუციური ფარულობის პრინციპი – რაც ითვალისწინებს ერთადერთ სამართლებრივ შედეგს – არჩევნების შედეგების გაუქმებას. შესაბამისად, მოვითხოვთ არჩევნების შედეგების დაუყოვნებლივ გაუქმებას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ფარულობის და თავისუფალი ნების პრინციპი.” – განაცხადა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავას განცხადებით, ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩატარებული რუსული სპეცოპერაციის მთავარმა თანამონაწილემ, ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გუშინ აღიარა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე დარღვეული იყო კონსტიტუციით გარანტირებული ფარულობის პრინციპი და ამით დაადასტურა, რომ არჩევნების შედეგები უნდა გაუქმდეს.

ცნობისთვის, ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ  29 ოქტომბერს მიმართა ცესკოს არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით ყველა იმ უბანზე, სადაც არჩევნები ჩატარდა ელექტრონული წესით, სწორედ ფარულობის დარღვევის საფუძველზე. ანალოგიური მოთხოვნით მიმართა ცესკოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც.

ენმ-ს და საიას სარჩელებს ცესკო ეხმაურება კომიკური ფეისბუქ ფოსტით და საარჩევნო ბიულეტენის გრამებში ასახული წონითი მოცულობის მონაცემებით ცდილობს თავის გამართლებას.

ბატონო გიორგი, რამდენი გრამიც არ უნდა ყოფილიყო საარჩევნო ბიულეტენი – უტყუარი და დადასტურებული ფაქტია, რომ ყველა ბიულეტენზე ტოტალურად ხილვადი იყო ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანი და შესაბამისად დარღვეული იყო უმთავრესი კონსტიტუციური ფარულობის პრინციპი, რაც ითვალისწინებს ერთადერთ სამართლებრივ შედეგს – არა ქაღალდის სისქეზე კომიკური პოსტების წერას, არამედ არჩევნების შედეგების გაუქმებას.

დამატებით დამამძიმებელ გარემოებად გვევლინება ფაქტი, რომ ხმის მიცემის აპარატების აბსოლუტურ უმრავლესობასთან დამონტაჟებული იყო კამერა, რომელიც აფიქსირებდა ბიულეტენის უკანა მხარეს გაჟონილი მარკერის სავსებით ხილვად კვალს.

კიდევ ერთ დამამძიმებელ გარემოებად ფიქსირდება ფაქტი, რომ უშუალოდ ხმის მიცემის აპარატთან ყველა უბანზე იდგა ქართული ოცნების მიერ დანიშნული კომისიის წევრი, რომელიც კამერასთან ერთად მანუალურად აფიქსირებდა და აკონტროლებდა ამომრჩევლის არჩევანს.

აღნიშნულს განსაკუთრებით აადვილებდა საარჩევნო სუბიექტების ნუმერაცია. ზეწოლის ქვეშ გაკეთებულ სახელისუფლებო არჩევანის დაფიქსირება აპარატთან მდგომი კომისიის ქართული ოცნების წევრის მიერ, იყო უკიდურესად მარტივი, რადგან ბიულეტენის აპარატში მოთავსებისას, ცხადად ჩანდა ბიულეტენის ქვედა ნაწილში მარკერის სრულიად ხილვადი კვალი, მაშინ როცა ბარიერ გადალახული ყველა სხვა საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო ნომერი იყო ბიულეტენის შუა ან ზედა ნაწილში. სხვა საარჩევნო მანიპულაციებით ყველაზე მეტი ხმა წაგვართვეს სწორედ ჩვენ – “ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობას” – ამბობს ბოკუჩავა. 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img