სალომე ზურაბიშვილი დღეს პროკურატურაშია დაბარებული, თუმცა პრეზიდენტი საგამოძიებო უწყებაში მისვლას არ აპირებს

Published:

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურაში დღესაა დაბარებული, თუმცა პრეზიდენტი საგამოძიებო უწყებაში მისვლას არ აპირებს.

„მინდა ვთქვა, რომ პროკურატურის მოთხოვნაზე ჩემი პასუხი: ის, რომ წარვადგინო მტკიცებულებები, რომელიც ამტკიცებს ჩემს განცხადებებს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, არ არის მართებული (რელევანტური), რადგან პროკურატურა უნდა აწარმოებდეს საკუთარ გამოძიებას, ამისთვის არის პროკურატურა. მტკიცებულებები პრეზიდენტმა არ უნდა წარმოადგინოს, რომელიც არსებობს საზოგადოებაში. არასამთავრობო ორგანიზაციები, დამკვირვებლები წარადგენენ უამრავი რაოდენობის მტკიცებულებას ყოველ დღე და აჩვენებენ უფრო და უფრო, რამდენად მასშტაბური, მასიური, სისტემური იყო არჩევნების გაყალბება. უამრავი სხვადასხვა ფორმა იქნა გამოყენებული, რაც გაიმეორა ბატონმა ბორელმა პრესკონფერენციაზე გაკეთებულ კომენტარში. ასე რომ, პროკურატურას შეუძლია ბატონ ბორელსაც ჰკითხოს, რომ მოვიდეს და წარმოადგინოს მტკიცებულებები, მაგრამ მოდით, ამაზე ნუ ვიხუმრებთ. ვფიქრობ, პროკურატურამ ბევრი უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ გამოიძიოს, რაც მაგიდაზე აქვს. მან არ უნდა დაიწყოს ფიქრი პრეზიდენტზე პოლიტიკურ თავდასხმებზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს მიჰყვება ბატონი მედვედევიდან მიღებულ მითითებებს. ყველამ თავისი სამუშაო უნდა გააკეთოს. ჩემი, როგორც პრეზიდენტის საქმეა ის, რომ გავაგრძელებ და ნამდვილად არ ვაპირებ პროკურატურაში მისვლას,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პროკურატურამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 30 ოქტომბრის მომართვის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

„ცესკო-ს განცხადებისა და საჯარო სივრცეში მასმედიის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უნდა ფლობდეს მტკიცებულებებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით, რის გამოც, კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტი, მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, გამოკითხვის მიზნით დაბარებულია საგამოძიებო უწყებაში.

გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება ყველა ის პირი, რომელიც შესაძლებელია, ფლობდეს ინფორმაციას სავარაუდო, დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით”,- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img