დიდთოვლობის გამო, ყველაზე რთული ვითარება კვლავ გურიაშია. შესაბამისი სამსახურები ამ დრომდე ცდილობენ სპეციალური ტექნიკით გარე სამყაროს მოწყვეტილ დასახლებებამდე მისვლას. გზები სოფლების ნაწილთან ისევ ჩაკეტილია. ამის გამო, დამატებითი ტექნიკის მობილიზება გახდა საჭირო. ადგილობრივ ხელისუფლებაში ვერ ამბობენ, თუ როდის მოხერხდება ყველა სოფელთან კავშირის აღდგენა – ახლა, მთავარი ამოცანა მაღალმთიან ადგილებში მცხოვრები მოსახლეობის მედიკამენტებით და საკვებით მომარაგებაა.
“ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, თოვლის საფარი არის ძალიან დიდი, რაც სხვადასხვა მაღალმთიან სოფელში გაწმენდით სამუშაოებს აფერხებს. მიუხედავად 24 საათიანი მუშაობისა, ჯერჯერობით, კვლავ გვრჩება 8 სოფელი ისეთი, სადაც ვერ შევედით.
დღეს, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სპეცტექნიკა უკვე გზაშია, რომლითაც აღნიშნულ 8 სოფელში შევალთ. რამდენიმე სახლი დანგრეულია თოვლის მაღალი საფარის შედეგად. აღნიშნული ოჯახები გადაყვანილნი არიან ნათესავებთან და სასტუმროებში. ჩვენ, ასევე აქტიურად ვმუშაობთ სხვადასხვა სპეცტექნიკით, იგივე ბურანებით, რომ ჩვენს საზოგადოებას მივუტანოთ საკვები პროდუქტები, პირველადი მოხმარების ნივთები და წამლები,” – აცხადებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე.
გურიის რეგიონში პრობლემებია ელექტროენერგიის მიწოდების მხრივაც. ბოლო ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, დენი არ აქვს, დაახლოებით, 10 000-მდე აბონენტს. დილის მდგომარეობით, მათი რაოდენობა 25 000 იყო.