სასამართლომ დამნაშავედ ცნო ბალდის კანიონზე მშენებლობის მოწინააღმდეგე ძმებზე მინდია და არჩილ ბჟალავებზე თავდამსხმელები.
როგორც ბალდის კანიონის შენარჩუნების მომხრეთა ფეისბუკგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კომპანია “კანიონი 350”-ის თანამშრომელი გელა ხურცილავა და მისი ძმა გიგა ხურცილავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
მინდია ბჟალავას მკვლელობის მცდელობის გამო, გელა ხურცილავას 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. მის ძმას, გიგა ხურცილავას კი 9- თვიანი პატიმრობა მოსახლეობის მიმართ განხორციელებული მუქარისთვის.
დაპირისპირება, შარშან 11 ივნისს მოხდა, იმ კარვის მახლობლად, რომელშიც ბალდის კანიონზე მშენებლობის მოწინააღმდეგეები ღამეებს ათევდნენ, თვითმხილველების თანახმად, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გელა და გიგა ხურცილავები კარავთან სანადირო თოფით და დანებით მივიდნენ, იგინებოდნენ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ სოფლის იმ მცხოვრებთ, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში მოითხოვდნენ ბალდის კანიონზე, მათი აზრით, უკანონო მშენებლობის შეჩერებას.
ბალდის კანიონის ინვესტორი კომპანია ძალადობაში, თავად პროტესტის მონაწილეებს ადანაშაულებდა.