სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი სავარაუდოდ, 14 მარტს გამოცხადდება.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა დანიშნული.
პროცედურულად, ხვალინდელ პროცესზე ბრალდებულმა სააკაშვილმა საბოლოო სიტყვით უნდა ისარგებლოს, თუმცა, უცნობია, ის ამ უფლება გამოიყენებს თუ არა და ჩაერთვება თუ არა დისტანციურად კლინიკა „ვივამედიდან“.
გასულ სხდომაზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას გულისხმობს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო.
აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს – ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს, ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.