ბოლო 4 წელიწადში, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ 11 მშობიარის გარდაცვალების ფაქტი განიხილა და სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით 6 ექიმს შეუჩერა

Published:

ბოლო 4 წელიწადში, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ 11 მშობიარის გარდაცვალების ფაქტი განიხილა და სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით 6 ექიმს შეუჩერა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს.

„2021-2024 წლებში პროფესიული განვითარების საბჭომ, მშობიარის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, განიხილა 11 საკითხი. საბჭოს გადაწყვეტილებით, 6 ექიმს შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით, 1 ექიმს გაუუქმდა სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობაში – ,,მეანობა-გინეკოლოგია“, 1 ექიმს მიეცა წერილობითი გაფრთხილება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

რაც შეეხება უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტებს, 2021-2024 წლებში რეგულირების სააგენტოს მიერ, სამედიცინო დაწესებულებების შემოწმების შედეგად, უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტების გამოვლენის გამო, შედგა 123 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ჯამში, საჯარიმო თანხამ შეადგინა – 127 000 ლარი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img