ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. სხდომას თავად ბრალდებული მზია ამაღლობელიც ესწრება, დღევანდელ სხდომაზე სასამართლო მხარეების შესავალ სიტყვას მოისმენს ასევე, შუამდგომლობებს განიხილავს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მზია ამაღლობელის პროცესს ჩეხეთის, გერმანიის, პოლონეთისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებიან.
სხდომაზე ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და ამაღლობელის ოჯახის წევრებიც იმყოფებიან.
მოსამართლემ დარბაზში მყოფებს მიმართა, პლაკატები ჩამოწიონ, ვინაიდან სხდომათა დარბაზში იმყოფებოდნენ. პლაკატებზე შემდეგი შინაარსის წარწერა იყო: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“.
სხდომის პარალელურად სასამართლოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს შეძახილებით „თავისუფლება მზიას“.
გამოძიება გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს „სისხლის სამართლის კოდექსის“ 353-ე მუხლს ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.