დღეიდან, 18 მარტიდან, უფლებადამცველ ამალ კლუნისა და მსახიობ ჯორჯ კლუნის ფონდი ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს მონიტორინგს გაუწევს.
„კლუნის ფონდმა სამართლიანობისთვის დღეს განაცხადა, რომ TrialWatch, რომელიც უზრუნველყოფს უფასო იურიდიულ დახმარებას სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერად მთელ მსოფლიოში, აპირებს აწარმოოს დამოუკიდებელი ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის მონიტორინგი.
ამაღლობელი, რომელმაც დააარსა ჯილდოს მფლობელი ონლაინ მედიასაშუალებები: „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“, დააკავეს 11 იანვარს საღამოს, როდესაც მან პოლიციის განყოფილების ღობეზე სტიკერი გააკრა საყოველთაო გაფიცვის მოწოდებით. ეს იყო ჟესტი მიმდინარე საპროტესტო აქციების მხარდასაჭერად, რომლებიც მოიცვა მთელი ქვეყანა 2024 წლის ნოემბრის შემდეგ“, – ნათქვამია კლუნის ფონდის განცხადებაში.
ამაღლობელის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ TrialWatch მოამზადებს ანგარიშს, რომელიც შეაფასებს საქმეს სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო და რეგიონული სტანდარტების შესაბამისად.
ფონდის განცხადებაშია ხაზგასმულია, რომ მზია ამაღლობელს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება და „მას სამჯერ უთხრეს უარი გირაოს მოთხოვნაზე მხოლოდ ბრალდების მხარის მტკიცების საფუძველზე, დაცვის მხარის მიერ მოთხოვნილი გირაოს მიზეზების სათანადოდ გათვალისწინების გარეშე“.
„ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამაღლობელს დაკავების შემდეგ ქალაქის პოლიციის უფროსი დაემუქრა და შეაფურთხა. მისი დაკავებისა და საქართველოში სხვა მომიტინგეების მიმართ მოპყრობის გამო პროტესტის ნიშნად, ამაღლობელი პატიმრობაში 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა“, – ნათქვამია კლუნის ფონდის განცხადებაში.
როგორც კლუნის ფონდი აცხადებს, 2024 წლის ნოემბრიდან მოყოლებული საქართველოში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ხასიათდება პოლიციის ძალადობით, დაკავებულების მიმართ არასათანადო მოპყრობითა და ჟურნალისტების შევიწროებით, რამაც გამოიწვია საერთაშორისო კრიტიკა და განგაში.
„საქართველოს მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევის ცენტრმა დააფიქსირა 90-ზე მეტი შემთხვევა, როდესაც სამართალდამცავები თავს დაესხნენ მედიის თანამშრომლებს, როგორც სიტყვიერად, ისე ფიზიკურად ან ხელს უშლიდნენ მათ მუშაობისას“, – ნათქვამია კლუნის ფონდის განცხადებაში.
TrialWatch არის კლუნის ფონდის ინიციატივა, რომელიც უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს უსამართლოდ დაპატიმრებულ ჟურნალისტებს.
რაც შეეხება ცოლ-ქმარის, ამალ და ჯორჯ კლუნების ფონდს, ის 40-ზე მეტ ქვეყანაში უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს სიტყვის თავისუფლებასა და ქალთა უფლებებს. ფონდის დახმარებით ათობით ჟურნალისტი გაათავისუფლეს და ათასობით ქალმა მიიღო უფასო იურიდიული მხარდაჭერა საკუთარი უფლებების დასაცავად.
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო.
მზია ამაღლობელის პატიმრობის საფუძველი გაყალბებული ოქმი გახდა – ადმინისტრაციული დაკავების ოქმის მიხედვით, მზია ამაღლობელი პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს [ასკ-ის 173-ე მუხლი], დაკავების დროს გადაღებულ ვიდეო კადრში კი ისმის ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრისთვის აკავებენ ასკ-ის 150-ე მუხლით. ამ მუხლით პირის დაკავების უფლება პოლიციას საერთოდ არ აქვს.
სწორედ გაყალბებული ოქმის საფუძველზე მოითხოვა პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ მზია ამაღლობელის პატიმრობა სისხლის სამართლის საქმეზე. მოსამართლე ნინო სახელაშვილი ამ გაყალბებულ ოქმს დაეყრდნო.
13 თებერვალს მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმება მოითხოვეს. თუმცა, 14 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო შუამდგომლობა მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე.
19 თებერვალს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძემ ასევე უარი თქვა მზია ამაღლობელის სარჩელის განხილვაზე და ის დაუშვებლად მიიჩნია.
წყარო:ნეტგაზეთი