ცვლილება შევიდა პარლამენტში ინიცირებულ პროექტში, რომლის პირვანდელი რედაქციით, სამხატვრო ხელმძღვანელის, როგორც თეატრის საერთო ხელმძღვანელის თანამდებობის გაუქმება იყო დაგეგმილი.
„პროფესიული თეატრების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენის ფარგლებში გადამუშავდა. როგორც „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თორნიკე ჭეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ თეატრის დირექტორს უმაღლესი სახელოვნებო განათლება ექნება, მიეცემა უფლება, სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა თავადვე შეითავსოს.
„საკომიტეტო განხილვის დროს, პირველ მოსმენაზე, გამოითქვა შესაბამისი შენიშვნები. გაიმართა კონსულტაციები. პროექტში ასახული ცვლილებები ითვალისწინებს იმას, რომ თეატრის დირექტორს იმ შემთხვევაში, თუ აქვს უმაღლესი სახელოვნებო განათლება, ექნება უფლება, თავადვე შეითავსოს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი თეატრის დირექტორი უმაღლესი სახელოვნებო განათლების მქონე პირი არ არის, მას სამი ალტერნატივა აქვს: – მოიწვიოს სამხატვრო ხელმძღვანელი, მოიწვიოს მთავარი რეჟისორი ან სარეჟისორო კოლეგია. ამ სამიდან ერთ-ერთ სუბიექტთან ერთად განსაზღვროს თეატრის სადადგმო სარეპერტუარო პოლიტიკა ანუ თეატრის საქმიანობის შემოქმედებითი მიმართულება.
ამავე პროექტის გარდამავალი დებულებებიდან გამომდინარე, მოქმედი სამხატვრო ხელმძღვანელები თეატრის დირექტორებად გადაინიშნება. პრაქტიკულად, ეს ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულ კადრებთან მიმართებით, თუკი ისინი ისურვებენ, რომ შეითავსონ სამომავლოდაც სამხატვრო ხელმძღვანელის ფუნქციები, პრაქტიკულად, ცვლილების საჭიროებაც არ იარსებებს“,- განაცხადა ჭეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
პარლამენტმა კანონში დაგეგმილი ცვლილებები მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა.