ბაჩო ქაჯაიას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მესამე ჯარიმის ქვითარი მიუტანეს – მსახიობი “პირველებთან” ამბობს, რომ პირველი ჯარიმის განჩინებაც მიუვიდა, რომელიც 7 დღეში უნდა გადაიხადოს.
ბაჩო ქაჯაია აანონსებს, რომ გამოწერილ ჯარიმებს არ გადაიხდის და სააპელაციოში გაასაჩივრებს. მსახიობი “ქართული ოცნების” მხრიდან თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების წინააღმდეგ რეპრესიებზეც ალაპარაკდა და განაცხადა, რომ ივანიშვილის რეჟიმი მოქალაქეების დაშინებას სწორედ სახაზინო ტერორით ცდილობს.
სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ტერორი და ამ ტერორის ერთ-ერთი მსხვერპლი ვარ მე. ტერორი არის საყოველთაო, ყველას აჯარიმებენ. დღეს, მესამე ჯარიმასთან ერთად, ასევე, მომივიდა პირველი ჯარიმის განჩინება, რომელიც 7 დღეში უნდა გადავიხადო, რა თქმა უნდა, ვაპირებ, რომ სააპელაციოში გავასაჩივრო ესეც, მაგრამ ამ გადახდის ვალდებულებიდან არ მხსნის, მე პირადად, ახლა, გულწრფელად არ მაქვს იმის საშუალება, რომ გადავიხადო 5 ათასი ლარი. ეს არის პირდაპირ, პირდაპირ მოცემულობა ჩემთვის, ჩემი ოჯახის წევრებისთვის, მე სამი შვილი მყავს, რომლებთანაც მე, ჩემი საკუთარი პასუხისმგებლობა მაქვს და ამ პასუხისმგებლობას მე არც და ვერც გავექცევი და ზუსტად ეს ჩემი სამი შვილის პასუხისმგებლობაა ასევე, რომ მე ვდგავარ რუსთაველზე და ვიცავ მათ მომავალს. მოკლედ, ამ ტერორს ჩვენ ვერ შევეგუებით, არ შევეგუებით და დავდგებით ისევ რუსთაველზე”. – განაცხადა ბაჩო ქაჯაიამ.