ას შემდეგ, რაც გუშინ სტამბოლის ოპოზიციონერი მერი, ეკრემ იმამოღლუ დააკავეს, თურქეთის მასშტაბით ქუჩებსა და უნივერსიტეტის კამპუსებზე აქციები იმართება.
მედიის ცნობით, იმამოღლუ კორუფციისა და ტერორისტული კავშირების გამოძიების ფარგლებში დააკავეს. პროკურატურამ დაკავების ბრძანება გასცა კიდევ 100 ადამიანზე, მათ შორის პოლიტიკოსებზე, ჟურნალისტებსა და ბიზნესმენებზე.
ასევე, ხელისუფლებამ სტამბოლის ირგვლივ რამდენიმე გზა დაკეტა და ქალაქში დემონსტრაციები ოთხი დღით აკრძალა.
სტამბოლში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები იყო. გამოცემა Reuters-ის კადრებში ჩანს, რომ პოლიცია დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეის იყენებს.
აქცია გაიმართა სტამბოლის უნივერსიტეტშიც, სადაც სტუდენტები ეკრემ იმამოღლუს დიპლომის გაუქმებას აპროტესტებდნენ.
„ვხედავთ, რომ რეჟიმმა კონტროლი დაკარგა, ათობით ადამიანის დიპლომს აუქმებენ და ასობით ადამიანს იჭერენ, ეს კი თვეებია გრძელდება“, — დაწერეს სტუდენტებმა სოციალურ ქსელში.
აქციები იყო თურქეთის სხვა უნივერსიტეტებში, მათ შორის, ანკარის ჰაჯეტეპეს და ახლო აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტებში, სადაც აქციის მონაწილეები მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ. ისმოდა შეძახილები: „ახალგაზრდობა პასუხს მოსთხოვს AK Party-ს (ერდოღანის პოლიტიკური პარტია)“ და „ჩვენ გავიმარჯვებთ წინააღმდეგობით“.
თურქული BBC-ის ინფორმაციით, როცა სტუდენტებს კამპუსის დატოვება და მსვლელობის მოწყობა უნდოდათ, ისინი პოლიციამ გააჩერა და მათ წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა.
ასევე, სტამბოლში დემონსტრანტები შეიკრიბნენ მერიის წინ შეძახილებით „ერდოღანი დიქტატორი!” და „იმამოღლუ, შენ მარტო არ ხარ!”.
თურქეთის დედაქალაქ ანკარაშიც, ეკრემ იმამოღლუს მხარდაჭერები მისი პარტიის, „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ (CHP) ოფისთან შეიკრიბნენ და იუსტიციის სამინისტრომდე საპროტესტო მსვლელობა გამართეს.
ხელისუფლების მიერ 4 დღით დემონსტრაციების აკრძალვის მიუხედავად, ქვეყნის მასშტაბით უფრო მეტ საპროტესტო აქციას ელოდებიან.
—
ეკრემ იმამოღლუ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მთავარ კონკურენტად მიიჩნევა. „რესპუბლიკური სახალხო პარტია“ 23 მარტს არჩევნების ჩატარებას გეგმავდა, რომელზეც, სავარაუდოდ, ეკრემ იმამოღლუ საპრეზიდენტო კანდიდატად უნდა აერჩიათ.
იმამოღლუს დაკავება მოჰყვა მისი სახლის ჩხრეკას, მას შემდეგ, რაც სტამბოლის უნივერსიტეტმა მისი დიპლომი ბათილად ცნო.
დიპლომის გაუქმებით იმამოღლუს კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებში დაუშვებლად იქნებოდა ცნობილი, რადგან თურქეთის კანონმდებლობით, დიპლომი არჩევნებში მონაწილეობის წინაპირობაა.
ოპოზიციონერი მერის დიპლომის გაუქმების მიზეზად სახელდება მისი მობილობა სავარაუდო დარღვევებით 1990 წელს, ჩრდილოეთ კვიპროსის კერძო უნივერსიტეტიდან სტამბოლის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე.
უნივერსიტეტის ეს ნაბიჯი თურქეთში ფართოდ შეფასდა, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული.