ბესიკ ხარძიანის შვილი – თავაწეული ვზივარ ამ სავარძელში, რომელსაც სიმართლის სკამად მოვნათლავდი – კარგი იქნებოდა, ოპოზიცია აქ ყოფილიყო, მაინტერესებს, რამდენად ექნებოდათ გამბედაობა, ჩემთვის თვალებში შეეხედათ!

Published:

მე ამაყი ვარ, რომ თავაწეული ვზივარ ამ სავარძელში და ამ სავარძელს სიმართლის სკამად მოვნათლავდი, არ ვზივარ საბრალდებო სკამზე და ამისთვის მადლობა მამაჩემს! – კარგი იქნებოდა, რომ ოპოზიცია, ის ვაჟბატონები და ქალბატონები აქ ყოფილიყვნენ დღეს. მაინტერესებს, რამდენად ექნებოდათ გამბედაობა, რომ ჩემთვის თვალებში შეეხედათ! – ამის შესახებ გარდაცვლილი ბიზნესმენის, ბესიკ ხარძიანის შვილმა, ბესარიონ ხარძიანმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

კომისია დღევანდელ სხდომაზე ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანისთვის ბიზნესის წართმევისა და საპატიმრო დაწესებულებაში მისი წამების საქმეს ისმენს.

როგორც სხდომაზე ბესარიონ ხარძიანმა განაცხადა, ის მზად არის აღნიშნულ საკითხზე საგამოძიებო კომისიის კითხვებს უპასუხოს.

„სწორი არ იქნება, რომ ჩემი დღევანდელი სიტყვა გულწრფელი მადლობით არ დავიწყო. მადლობა იმისთვის, რომ როგორც იქნა ეს კომისია შეიქმნა. ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოება და განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს დაზარალებული ოჯახები ამ დღეს დიდი ხანი ველოდით და როგორც იქნა, დადგა და ისევ ვიტყოდი, რომ „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!“.

ასევე, მადლობა იმისთვის, რომ მამაჩემის, ბესო ხარძიანის სახელი, გვარი და მისი პიროვნება მოხვდა იმ სიაში და რა თქმა უნდა, შემთხვევით არ მოხვედრილა მისი მძიმე ისტორიებიდან გამომდინარე. ერთის მხრივ, ძალიან რთულია ნაწამები და შემდეგ უკვე მოკლული კაცის შვილის ფორმატში აქ ჯდომა და ამაზე თქვენ წინაშე საუბარი, ძალიან რთულია, ხოლო, მეორე მხრივ – მე ამაყი ვარ, რომ თავაწეული ვზივარ ამ სავარძელში და მე ამ სავარძელს სიმართლის სკამად მოვნათლავდი, არ ვზივარ საბრალდებო სკამზე და ამისთვის მადლობა მამაჩემს, რომ, დღეს მე ბესო ხარძიანის სიმართლეს წარმოვადგენ. ჩემ ყველა სიტყვაზე პასუხისმგებელი ვარ, როგორც ამ შენობაში, ისე ამ შენობის გარეთ. ძალიან კარგი იქნებოდა, რომ თქვენი კოლეგა ოპონენტები, მხედველობაში მაქვს ოპოზიცია – ის ვაჟბატონები და ქალბატონები აქ ყოფილიყვნენ დღეს; ეს ძალიან კარგი იქნებოდა იმიტომ, რომ პირველ რიგში, მაინტერესებს, რამდენად ექნებოდათ იმის გამბედაობა, ჩემთვის თვალებში შეეხედათ და ჩვენნაირი ხალხისთვის, რომლებიც აქ, დარწმუნებული ვარ, მრავლად მოვლენ და ბევრი არიან ქვეყანაში, სამწუხაროდ, მაგრამ მათ ამის გამბედაობა, რა თქმა უნდა, არ ჰყოფნით და ფაქტი სახეზეა. ბევრი კითხვა მექნებოდა მათთან და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ამ კითხვებზე პასუხს ვერ გამცემდნენ. არ მინდა, პოლიტიკური განცხადებები ვაკეთო და დღეს აქ, ამისთვის არ ვარ, მაგრამ დღეს ისინი ჩემნაირი გოგო-ბიჭების, ახალგაზრდა, მომავალი თაობის, ჩემ თავს ახალგაზრდას ვეძახი, მათი სისხლის მოწამვლით არიან დაკავებულები, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, სამწუხაროდ! მე მათ მდგომარეობას ვიზიარებ. დღევანდელი ჩემი ფორმატი და მდგომარეობა მირჩევნია მათ მდგომარეობას, თუნდაც პოლიტიკურს, თუნდაც ადამიანურს. პრინციპში, ეს არის ჩემი შესავალი სიტყვა. დანარჩენზე, კითხვა პასუხის რეჟიმში იქნება, თუ ქრონოლოგიურად, ვეცდები, რომ დავაკმაყოფილო თქვენი კითხვები და ღირსეული პასუხი გავცე“, – განაცხადა ბესარიონ ხარძიანმა.

ცნობისთვის, ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი 2011 წლის თებერვალში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ის პატიმრობიდან 2012 წლის დეკემბერში გათავისუფლდა. ხარძიანი ამტკიცებდა, რომ ამ პერიოდში მას კუს ტბის წილები ზეწოლით დაათმობინეს. 2015 წლის 28 მარტს კი, ბესიკ ხარძიანი თბილისში, საკუთარ სადარბაზოში მოკლეს. მთავარმა პროკურატურამ ბიზნესმენის მკვლელობის საქმე გახსნილად 2016 წლის იანვარში გამოაცხადა. ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის, შეკვეთით განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორი პირი – უკრაინის მოქალაქე, 1985 წლის 29 მაისს დაბადებული ფარიდ გურბანოვი და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1973 წლის 4 სექტემბერს დაბადებული ოლეგ დოევი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ორივე მათგანს დაუსწრებლად, 19-19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img