პროკურატურიდან ვიცი, რომ ახლა ემზადებიან წამიყენონ ახალი ბრალი რაღაც დარღვევებზე. ყველაფრისთვის მზად ვარ, ამას გიცვლით ერთადერთ თხოვნაში – თანხას ყადაღა მოხსნათ და ფონდმა გააგრძელოს ის საქმიანობა, რისთვისაც შეიქმნა, – ამის შესახებ „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებელმა ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა.
ნანუკა ჟორჟოლიანი საქართველოს გენერალურ პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს მიმართავს, „ნანუკას ფონდს“ მოხსნას ყადაღა, აღნიშნული თანხა კი მოხმარდება მხოლოდ სოციალურად დაუცველ ადამიანებს, ბავშვებს, რომლებიც სიცოცხლისთვის იბრძვიან.
„ბრალს, რასაც მიყენებენ სიტყვიერად, პოლიტიკურია. მივმართავ გაბიტაშვილს: საჯარო პირობას ვდებ, არცერთი თეთრი იმ ფულიდან, რაც დააყადაღეთ, „ნანუკას“ ფონდიდან, საუბარია 400 ათას ლარზე, არ გადაირიცხება არც საწვიმრებისთვის, არც პატიმრებისთვის, მათი ოჯახის წევრებისთვის, ჯარიმებს ისედაც არ ვიხდიდი, ეს თანხა დაიხარჯება მხოლოდ სოციალურად დაუცველ ადამიანებზე, ბავშვებზე, რომლებიც სიცოცხლისთვის იბრძვიან. გთხოვთ, ყველას დაუმტკიცოთ, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანების სიცოცხლე, მომცემთ უფლება, რომ ამ ფონდმა გააგრძელოს ბავშვების დახმარება.
თუ ამას არ გააკეთებთ, ჩავთვლი, რომ თქვენთვის პრობლემა მე ვარ ჩემი ფონდით და საქმიანობით, არაფერს წარმოადგენს არცერთი ბავშვის სიცოცხლე, არცერთი ბავშვის ჯანმრთელობა. ახლა გაქვთ ალტერნატივა, შექმნათ თქვენით ფონდი და ყველა იმ ბავშვს დაეხმაროთ, რომელიც მე მომწერს, თან დაეხმაროთ ოპერატიულად, როგორც ჩვენ ვაკეთებდით, არ ჩააყენოთ რიგში, არ გაუწელოთ მოლოდინები. დარწმუნებული ვარ, ალბათ, ბევრი ტექნიკური შეცდომა გვაქვს დაშვებული, ვჩქარობდით ადამიანების დახმარებას და შემდეგ იგზავნებოდა ბევრი საბუთი. მთავარია, ვისთან მიდიოდა ეს თანხები, ვის ერიცხებოდა.
უახლოესი 1 კვირის განმავლობაში განიხილება ჩემი ფონდისთვის ყადაღის მოხსნა. გავასაჩივრეთ განჩინება, რომელიც მე არ ჩამბარდა, მაგრამ სხვა ფონდებს ჩაბარდა, შესაბამისად, ვითხოვ ჩემთვის და სხვა ფონდებისთვის ყადაღის მოხსნას. ვთხოვ, გაბიტაშვილს, ეს 1 კვირა, როდესაც სასამართლო ამ საკითხს განიხილავს მოგვცეთ ამ თანხის გამოყენების უფლება ამ შეზღუდვით. დამანახებთ, რომ მაძლევთ შესაძლებლობას გაჭირვებულ ადამიანებს, „ქართული ოცნებისგან“ მიტოვებულებს დავეხმარო. თუ ამას არ გააკეთებთ, მაშინ გასაგებია, რატომ აკეთებთ ამას, ე.ი. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ადამიანის სიცოცხლეს.
ასევე, ვიცი პროკურატურიდან, რომ ახლა ემზადებიან, წამიყენონ ახალი ბრალი რაღაც დარღვევებზე. ყველაფრისთვის მზად ვარ, ამას გიცვლით ერთადერთ თხოვნაში – თანხას ყადაღა მოხსნათ და ამ ფონდმა გააგრძელოს ის, რისთვისაც შეიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ წესდებით ამის უფლება მქონდა, დავხმარებოდი პატიმრებს, გავმიჯნავ და ეს ფონდი გამოყენებული იქნება ბავშვებისთვის, სოციალური პრობლემების მოგვარებისთვის. აქვე უნდა ვთქვა, რომ პატიმრები აუცილებლად მიიღებენ ყოველ თვე იმ თანხას, რაც აუცილებელია მათი არსებობისთვის, რთული ყოფის შემსუბუქებისთვის. ველოდები გაბიტაშვილს, მინდა იცოდეს, რომ დღეიდან საქმე მხოლოდ მასთან მაქვს“, – აღნიშნავს ჟორჟოლიანი.
ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე საქართველოში არსებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში განახორციელა „ნანუკას ფონდის“ , „ფროსფერითის“, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ის, „სირცხვილიას“ და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ საბანკო ანგარიშების და მათზე არსებული ფულადი სახსრების დაყადაღება. პროკურატურის ცნობით, აღნიშნული ფონდები მიღებული ფინანსური რესურსების ძირითად ნაწილს წარმართავდნენ კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირების წახალისებისთვის, ისევე როგორც ამ დანაშაულების ჩასადენად საჭირო ინვენტარის და საშუალებების შეძენისთვის. ამასთან, პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ ფონდები შეგროვებული ფინანსების ძირითად ნაწილს ახმარენ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებულ პირთა და მათი ოჯახის წევრთა ფინანსურ უზრუნველყოფას.