დღეს, 7 მაისს, ვატიკანში ახალი რომის პაპის არჩევნები იწყება. ითვლება, რომ კარდინალებს თავად სულიწმიდა ხელმძღვანელობს და კენჭისყრაში გარე ჩარევის თავიდან ასაცილებლად, კონკლავი სრულიად იზოლირებულია გარე სამყაროსგან.
კარდინალები მთელი მსოფლიოდან უკვე ვატიკანში იმყოფებიან. ამჟამად ქალაქში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული თითქმის 250 კარდინალი იმყოფება, თუმცა ხმის მიცემის უფლება მხოლოდ 80 წლამდე ასაკის პირებს აქვთ.
133-ვე მათგანი სიქსტის კაპელაში მანამ იქნება გამოკეტილი, სანამ პაპ ფრანცისკეს მემკვიდრეს არ აირჩევენ. ისინი პროცედურის დასრულებამდე გარე სამყაროსგან სრულიად იზოლირებულნი უნდა იყვნენ.