პსჟ-მ “არსენალს” ისევ სძლია – ხვიჩა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს

Published:

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში პსჟ-მ საკუთარ მოედანზე „არსენალი“ 2:1 დაამარცხა, ორრაუნდიანი დაპირისპირება 3:1 მოიგო და ფინალში გავიდა.

მიუხედავად იმისა, რომ დემბელემ მიღებული ტრავმის შემდეგ ვარჯიში დაიწყო, პსჟ-ს მწვრთნელმა ლუის ენრიკემ სასტარტოში მის ნაცვლად მაინც ბარკოლა დააყენა. კვარაცხელიამ თავიდან თამაში მარცხენა ფლანგზე დაიწყო, დუემ მარჯვენაზე, ბარკოლამ კი უფრო ცენტრში. დებიუტში სტუმრებმა სამი მომენტი ვერ გამოიყენეს: რაისის თავური მიზანს ასცდა, მარტინელის და ედეგორს გატანა დონარუმამ არ დაანება. მე-17 წუთზე ხვიჩას დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. შემდეგ კონტრშეტევისას შანსი დუემ ვერ გამოიყენა. მერე „კვარა“ რაისმა წააქცია და მსაჯმა ყვითელი ბარათი უჩვენა, ხოლო გამომუშავებულ საჯარიმოს ფაბიანის გოლი მოჰყვა, რომელმაც რიკოშეტით მასპინძლები დააწინაურა. ცოტა ხანში ქართველმა ბარკოლა ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ მან რაიას ვერ აჯობა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

მეორე ტაიმი ორმხრივი შეტევებით დაიწყო და ისევ გადაარჩინა დონარუმამ თავისი გუნდი, როდესაც საკას დარტყმული ბურთი მოიგერია. მერე ჰაკიმის ჩაწოდებული ბურთი საჯარიმოში ხელზე ლიუის-სკელის მოხვდა, მაგრამ ვიტინიას შესრულებული პენალტი რაიამ მოიგერია. ლუის ენრიკემ ბარკოლა დემბელეთი შეცვალა. ჰაკიმიმ კი „მეთოფეთა“ კარი დალაშქრა. თუმცა, მალე საკამ ანგარიში შეამცირა. მას დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ შესანიშნავი შანსი გაუშვა ხელიდან. იერიშისას ხვიჩას კალაფიორისთან შეხლა-შემოხლა მოუვიდა და არბიტრმა ორივეს ყვითელი ბარათი უჩვენა. დარჩენილ დროში არაფერი შეიცვალა და პსჟ-მ გაიმარჯვა.

31 მაისს, მიუნხენში ფინალში პსჟ „ინტერს“ შეხვდება.

პარიზი. „პარკ დე პრენსი“

პსჟ – არსენალი 2:1

გოლები: 1:0 ფაბიანი (27), 2:0 ჰაკიმი (72), 2:1 საკა (76)

გამოუყენებელი პენალტი: ვიტინია (69, პსჟ)

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img