ევროპის დღის აღსანიშნავად, დღეს ლვოვში 35 ქვეყნისა და ევროპის საბჭოს დელეგაციების წარმომადგენლები ჩავიდნენ.
ლვოვში ევროპელი დიპლომატების ვიზიტს ისტორიული შეკრება უწოდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰამ.
„მოხარული ვარ, ვუმასპინძლო ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს კაი კალას და ევროპელ საგარეო საქმეთა მინისტრებს ლვოვში ევროპის დღეზე. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, მეგობრებო. ეს არის ისტორიული შეკრება ისტორიულ დროს. ის ასახავს უკრაინის საკვანძო როლს ევროპის თავისუფლებისა და ღირებულებების დაცვაში“, – წერს სიბიჰა X-ში.
მისი თქმით, ვიზიტი ლვოვის ლიჩაკოვის სასაფლაოზე მისვლით დაიწყო, სადაც დიპლომატებმა პატივი მიაგეს უკრაინელ გმირებს, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს რუსული აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის დასაცავად.
როგორც სიბიჰამ აღნიშნა, კაია კალასთან პრემიერ-მინისტრ შმიგალის შეხვედრისას განხილული იყო უკრაინის გასაძლიერებლად და რუსეთზე ზეწოლის გასაზრდელად ერთობლივი ძალისხმევა.
„წინ ორი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა: ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის გამოძიების სპეციალური ტრიბუნალის საკითხებზე ძირითადი ჯგუფის შეხვედრა“, – დაწერა სიბიჰამ.