თუ სალომე ზურაბიშვილი შეწყალებასთან დაკავშირებით ნაბიჯს გადადგამს, ის იმავე ხაზის გამტარებელი და გამზიარებელი იქნება, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი წარმოადგენენ, – განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც კალაძემ აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობის“ წარმომადგენლებს საკუთარი დანაშაული არ მოუნანიებიათ.
„არავის დაკავება და არავის ციხეში ყოფნა, ვფიქრობ, ნორმალურ ადამიანს არ უხარია. მაგრამ იმხელა უბედურება მოუტანა, 9 წლის განმავლობაში, იმხელა რეპრესიები იყო, იმდენი გაუბედურებული ოჯახი, ამ ყველაფრის მთავარი შემოქმედი და შემქმნელი, რა თქმა უნდა, იყო მიხეილ სააკაშვილი საკუთარ გუნდთან ერთად. ვერ წარმომიდგენია უბრალოდ ნორმალური ადამიანი, ვისაც საკუთარი ქვეყანა და ხალხი უყვარს, რომ როცა შენ ხარ პოლიტიკაში, გაქვს პოლიტიკოსის სტატუსი, ხარ ქვეყნის ხელისუფლებაში, გააკეთო და აკადრო საკუთარი ქვეყნის მოსახლეობას ის, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაუკეთა საკუთარ ხალხს. ხომ არ გგონიათ, რომ ამ ადამიანებმა მოინანიეს, აღიარეს, ბოდიში მოუხადეს საზოგადოებას, პირიქით, დღესაც იმავეს აგრძელებენ, უბრალოდ ნაკლები შესაძლებლობები აქვთ. მაგრამ რაც შეუძლიათ, ყველაფერს იყენებენ, საკუთარ ტელევიზიებს, სიძულვილისთვის, ადამიანების დაპირისპირებისთვის. შანტაჟი, ბულინგი ეს არის მათი ჩვეულებრივი ხელწერა, ფსიქოლოგიური ტერორი და ა.შ. თუ სალომე ზურაბიშვილი გადადგამს შეწყალებასთან დაკავშირებით ნაბიჯს, ის იქნება პირდაპირ გამზიარებელი და იმავე ხაზის გამტარებელი, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი წარმოადგენს“,- განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე, კლინიკა „ვივამედიდან“ ჩართვისას აღნიშნა, რომ “სალომე ზურაბიშვილს „შეუძლია ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს შვილებს მამა და რაც მთავარია, საქართველოში პოლიტიკური ბალანსი აღადგინოს“. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს აქტიური ქმედებების განსახორციელებლად არც გამბედაობა აკლია და დიდი საერთაშორისო მხარდაჭერაც აქვს.