შპს „კამარა ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს

Published:

შპს „კამარა ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „სფერონიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

„უკანასკნელი დღეების განმავლობაში საგრძნობლად გააქტიურდა და, შეიძლება ითქვას, რომ კამპანიური ხასიათი მიიღო დეზინფორმაციულმა ბრძოლამ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი „კამარა ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ.

გარემოზე ზრუნვის კეთილშობილური მიზნით შენიღბული ეს მავნე, დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც ორგანიზებულია გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების, მათი მედიის და მათთანვე აფილირებული „ექსპერტებისა“ თუ ეგრედ წოდებული „ეკო-აქტივისტების“ მიერ, სინამდვილეში, მიზნად ისახავს საქართველოს და, განსაკუთრებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, წინასწარ შეცნობით ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელების გზით ხალხის დაზაფვრას და, საბოლოო ჯამში, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დარგის – ჰიდროენერგეტიკის განვითარებისთვის ხელის შეშლას.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ „კამარა ჰესის“ პროექტის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიის ფარგლებში განზრახ გავრცელდა არაერთი ცრუ ინფორმაცია გარემოზე ნეგატიური ზემოქმედებისა და ვითომდა არსებული მაღალი გეოლოგიური რისკების, აგრეთვე, პროექტის განხორციელების არეალში მოქცეული სოფლების მაცხოვრებელთათვის ეკონომიკური და სოციალური ბენეფიტების არარსებობის შესახებ, – ამ ცილისმწამებლური ნიაღვრის აღსაკვეთად, გადავწყვიტეთ, პროექტთან დაკავშირებით რეალური და ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას.

კერძოდ კი:

1) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს ზედმიწევნით კარგად მოეხსენებათ, რომ „კამარა ჰესის“ პროექტის განმახორციელებელი კომპანია ორი წლის განმავლობაში აქტიურად და ნაყოფიერად თანამშრომლობს მოსახლეობასთან. სწორედ ამ ურთიერთანამშრომლობის შედეგია ის ფაქტი, რომ პროექტი ფუნდამენტურად შეიცვალა და რთული კონსტრუქციის, თუმცა, ასევე უსაფრთხო, 23,5 მგვტ-იანი დერივაციული სადაწნეო გვირაბიანი ჰესი, რომლის გვირაბი მთელ ხეობას ფარავდა და მოსახლეობას რისკის ფაქტორად მიაჩნდა, სწორედ მოსახლეობის მოთხოვნების შესაბამისად გადაკეთდა 16,5 მგვტ-იან ფოლადის მილსადენიან, შედარებით მარტივ პროექტად, რის შედეგადაც პრაქტიკულად გამოირიცხა გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების ყველა პოტენციური რისკი. აღნიშნული კი უტყუარად დასტურდება პროექტის დაგეგმარების ფარგლებში ჩატარებული არაერთი გეოლოგიური, გეოფიზიკური და გეოტექნიკური კვლევით და დასკვნით, რომლებიც უმწიკვლო რეპუტაციის მქონე, მაღალი კომპეტენციის საერთაშორისო კომპანიებმა და ქართველმა სპეციალისტებმა ჩაატარეს.

2) კრიტიკას ვერ უძლებს სრულიად აბსურდული მითი იმის თაობაზე, რომ მდინარე თერგს, არსებული პროექტის რეალიზაციის შემთხვევაში, დაშრობა ემუქრება. ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ „კამარა ჰესის“ პროექტის მიხედვით, წყალმცირობის ყველაზე კრიტიკულ და მგრძნობიარე პერიოდშიც კი, მდინარე თერგში ეკოლოგიური ხარჯი დაცული იქნება საუკეთესო საერთშორისო პრაქტიკის შესაბამისად.

3) რაც შეეხება პროექტის არეალში მცხოვრები მოსახლეობისთვის სოციალურ და ეკონომიკურ ბენეფიტებს, ცალსახად ვაცხადებთ, რომ ისინი საქართველოს მასშტაბით უპრეცენდენტო სოციალურ მხარდაჭერას მიიღებენ, რაზეც მოლაპარაკებები დღესაც მიმდინარეობს და გარკვეული შეთანხმებებიც მიღწეულია.

რამდენიმე სიტყვით გვინდა შევეხოთ საკითხს „კამარა ჰესის“ პროექტის ინვესტორის შესახებ:

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ პროექტის განმახორციელებელი კომპანიის ერთადერთი აქციონერი ბიზნესმენი სულხან პაპაშვილია. შესაბამისად, არც უჩა მამაცაშვილს და ვინმე კარიჭაშვილს, რომელთა სახელებს განზრახ ტირაჟირებენ დეზინფორმაციული კამპანიის ორგანიზატორები და აღმსრულებლები, აღნიშნულ პროექტთან არანაირი შეხება არ გააჩნია.

მით უფრო აბსურდულია მტკიცება იმის თაობაზე, რომ თითქოს ჩვენს პროექტში რუსული ბიზნესი მონაწილეობს. ნებისმიერი მიუკერძოებელი დამკვირვებლისთვის იმთავითვე ეჭვგარეშეა ის გარემოება, რომ რუსეთი და, შეაბამისად, რუსული ბიზნესი არ არის და არც შეიძლება დაინტერესებული იყოს საქართველოში ჰიდროენერგეტიკის განვითარებით, რაც ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ქვაკუთხედია.

დასასრულს, გვსურს, განვაცხადოთ, რომ ჩვენი კომპანია გააგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას საზოგადოებასთან, რათა საფუძველშივე იქნას აღკვეთილი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის და მისი განზრახ დეზინფორმირების ნებისმიერი მცდელობა, ვისი მხრიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი“, – ნათქვამია განცხადებაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img