ქუთაისში, ყოფილი სასტუმრო “თბილისის” შენობის დემონტაჟს იწყებენ და იქ მცხოვრები ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი 3 ოჯახის გამოსახლებას გეგმავენ.
თუმცა, დევნილები ამბობენ, რომ შენობის დატოვებას არ აპირებენ. მათი თქმით, ხელისუფლებას მათთვის ალტერნატივა არ შეუთავაზებია და წასასვლელი არსად არ აქვთ.
“არაფერს არ ვაპირებ. ბენზინი რომ მქონდეს, დავდგები აგერ დავისხამ და დავიწვავ თავს. უკვე ეს გადაწყვეტილება მივიღე. რად მინდა ასეთი სიცოცხლე?..როგორ შემოვედით თვითნებურად, მე სოხუმიდან მოვიდოდი აქ თვითნებურად? იძულებული ვარ, რომ დავისხა თავზე ბენზინი, დავიწვა. ჩემს სიცოცხლეს მაინც აზრი არა აქვს. უპატრონოდ დავრჩი, პატრონი აღარ მყავს…ხელისუფლება უნდა დაინტერესდეს, არც მოსულან, არც უკითხიათ რა გვიჭირს, პირიქით, თვითნებურად შემოხვედითო ასე გვეუბნებიან, ცილს გვწამებენ,”- ამბობს ერთ-ერთი დევნილი.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. აღმაშენებლის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ ხმაურიც იყო. დევნილებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.