საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრის დროს, საუბარი იქნება ნატო-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე.
როგორც მან აღნიშნა, საქართველო წევრობის გზაზე ნატო-სგან მნიშვნელოვან ნაბიჯებს ელოდება.
„დღეს, ჩვენ შევხვდებით ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, ვისთანაც საუბარი გვექნება ნატო-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამთ იმას, რომ საქართველო ნატო-სგან პრაქტიკულ ნაბიჯებს ელოდება წევრობის გზაზე. ყველას ვეუბნებით, რომ ჩვენგან მზადყოფნა ნატო-ს წევრობაზე არის, რაც არის ჩვენი კონსტიტუციური ამოცანაც. შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ მკაფიო წინადადებებს, მკაფიო გზას და მარშრუტს იმისას, თუ როგორ შეიძლება, საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ, რომლის კომენტარსაც პარლამენტი ავრცელებს.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, პარლამენტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ბელგიის სამეფოში, ბრიუსელში გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარის მონაწილეობით ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება, ასევე ნატო-ში დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები.