დუმაში აცხადებენ, რომ ჰარი პოტერის წიგნები და კომპიუტერული თამაში მაინკრაფტი რუსეთის ეროვნულ ინტერესებს არ შეესაბამება. შესაბამისი განცხადება კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარემ, ოლეგ მოროზოვმა სხდომაზე გააკეთა.
ამ კონტექსტში მან საბავშვო ბანაკებზე ისაუბრა – მოროზოვის მტკიცებით, საბავშვო ბანაკებში უფრო აქტიურად უნდა მოხდეს სამხედრო-პატრიოტული სესიების განვითარება.
დეპუტატი ამბობს, რომ კერძო ბანაკებში თემატური სესიები და გართობა მაინკრაფტისა და ჰარი პოტერის “სტილში” ხდება, რაც მისი აზრით, “არაა შინაარსობრივი დასვენება, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს პასუხობს”.
მოროზოვმა აღნიშნა, რომ ბანაკებში აქცენტი აუცილებლად სამხედრო-პატრიოტულ საკითხებზე უნდა გაკეთდეს, რაც მათ შორის შესაბამის ფილმებსა და კონკურსებს მოიცავს.