თბილისის მერი, კახა კალაძე ჯგუფი „მგზავრების“ შესახებ – ეს იყო ძალიან ცუდი გადაწყვეტილება, რადგან სადაც არ უნდა იყო, ღირსება არ უნდა დაკარგო

Published:

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ჯგუფ “მგზავრების” გადაწყვეტილრბაზე ისაუბრა და წუხილი გამოთქვა მათ მდგომარეობაზე, რომ შესაძლოა სხვაც იყოს ამ მდგომარეობაში. „გულწრფელად შევდივარ „მგზავრების“ მდგომარეობაში. იმ წნეხში, ზეწოლასა და ბულინგში, სადაც ისინი იმყოფებიან, შეიძლება ბევრი ჩვენი თანამოქალაქეც იყოს. 26 ოქტომბერს ყველას გავათავისუფლებთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მოგეხსენებათ, 20 ოქტომბერს, ზღვისუბნის პარკის გახსნის ღონისძიება გაიმართება, რომელზეც ჯგუფი „მგზავრების“ კონცერტი უნდა გამართულიყო, თუმცა, მათ უარი განაცხადეს. კახა კალაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება არის ძალიან ცუდი და ეს პირველ რიგში, ჯგუფის წევრებს დააზიანებს.

„საქართველოს მომავალი, რა თქმა უნდა, არის ევროპა. თუ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე, ეს „ქართული ოცნების“ პირობებში მოხდა. შესაბამისად, განცხადებები რომ „საქართველოს გზა ევროპაშია“ არის ფარისევლური.

რაც შეეხება ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, რბილად რომ, ვთქვათ ძალიან ცუდი იყო. ჩვენ ამით არაფერი დაგვიშავდება, არც პარკის გახსნაზე მოსულ ადამიანებს. პირველ რიგში, ეს საზიანო მათთვის არის, რადგან ყველა შეურაცხყოფას აყენებს თავიანთი ქმედებებიდან გამომდინარე. სადაც არ უნდა იყო და როგორც არ უნდა იყო, ღირსება არ უნდა დაკარგო. ყოველ კვირას რუსეთში რომ დადიხარ და „რუბლებს“ იღებ, რა ევროპაზე და ევროპულ მომავალზე გველაპარაკები? მათ ერთი სიტყვა არ უხსენებიათ ოკუპაციასთან დაკავშირებით. ეს რომ ახსენონ, რუსეთში აღარ შეუშვებენ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში ზღვისუბნის პარკის მსგავსი მასშტაბური პროექტი დედაქალაქში ჯერ არ გაკეთებულა და ეს კონკრეტული ღონისძიება არ არის პოლიტიკური. „მე არ მახსოვს აქამდე „მგზავრებისთვის“ თბილისის მერიას კონცერტი გაეკეთებინოს. ახლა კი, კონცერტი იყო შეთანხმებული, მაგრამ საზოგადოების ნაწილის მხრიდან ზეწოლის გამო, გააუქმეს. ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი და ფაშისტური ქმედებები. ვნახეთ რა განცხადებებს აკეთებდნენ, რა შეურაცხყოფებს აყენებდნენ. გულწრფელად გეუბნებით, შევდივარ „მგზავრების“ მდგომარეობაში. იმ წნეხში, ზეწოლასა და ბულინგში, სადაც ისინი იმყოფებიან, შეიძლება ბევრი ჩვენი თანამოქალაქეც იყოს. 26 ოქტომბერს ამ ადამიანებს და ზოგადად ყველას გავათავისუფლებთ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img