საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენებასა და საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულს აღნიშნავს.
„ანდრია პირველწოდებული საქართველოში განსაკუთრებული სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს, რადგან მოციქული ქართველებში ქრისტიანობის პირველი მქადაგებელი და გამავრცელებელია. წმინდა მოციქულს უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ის პირველი დაემოწაფა ქრისტეს და ამიტომაც ეწოდა მას პირველწოდებული.
დღესვე საქართველო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობას დღესასწაულობს – როგორც საქართველოს პარლამენტის დადგენილებაშია აღნიშნული, 2 ათასი წლის მანძილზე ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის რწმენამ დიდწილად განსაზღვრა ქვეყნის თვითმყოფადობა, კულტურა და ისტორია.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებელ მრევლს დღესასწაულს, მშვიდობასა და სიხარულს უსურვებს მათ“, – ნათქვამია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.