ტვ პირველის ცნობით, მათ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ.
ჟურნალისტის, მარიამ მაკასარაშვილის თქმით, ქვემო ქართლის ყოფილი სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის, გიორგი შინჯიკაშვილის მამამ მას და მის ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და საკუთარი და მედიის კუთვნილი ტექნიკა წაართვა.
მაკასარაშვილის ცნობით, შსს-ს წარმომადგენლები ადგილზე ამ დრომდე არ იმყოფებიან.
“გიორგი შინჯიკაშვილის მამამ თავდაპირველად ჩემს ოპერატორს წაართვა აპარატურა, კამერა, რომლითაც ვწერდით ინტერვიუს, ამის შემდეგ მეც გამომართვა ტელეფონი, ხელიც კი გამარტყა.
[ჩამორთმეული გვაქვს საკუთარი მობილური ტელეფონი და ასევე, კომპანიის მფლობელობაში არსებული ტექნიკა. ამ დრომდე არცერთი ძალოვანი უწყების თანამშრომელი არ გამოჩენილა, საინტერესოა, როდის ექნება უწყებას რეაგირება. ტექნიკა ახლა არის გიორგი შინჯიკაშვილის სახლში, რომელიც მისმა მამამ გაიტაცა. ის ჩვენ გვესაუბრებოდა და უცებ გახდა აგრესიული.
[სახეზე დაზიანებები აღგვენიშნება მეც და ჩემს ოპერატორსაც, კამერაც იყო დაზიანებული, მოტეხილი ჰქონდა ნაწილები და ასე შეიტანა სახლში. […]” – თქვა ჟურნალისტმა, მარიამ მაკასარაშვილმა.
“ტვ პირველის” ცნობით, მარიამ მაკასარაშვილი კლინიკაში გადაჰყავთ.
ტელეკომპანია იუწყება, რომ მას შემდეგ, რაც ინფორმაცია “პირველების” 15:00 საათიან გამოშვებაში გავიდა, მარიამ მაკასარაშვილს სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ გამოკითზხვაზე უწყებაში უნდა გამოცხადდეს.