დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებაში მსჯავრდებულ გიორგი ჩიკვაიძის დედის, ეკა წერეთლის განცხადებით, მისი შვილის საკნიდან, რომელიც გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მდებარეობს, ნაგავი არ გააქვთ.
ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში წერეთელი აღნიშნავს, ჩიკვაიძე 3 დღეა, რაც შიმშილობს, მასთან საკვების შეტანის უფლებას კი ოჯახს ამ დრომდე არ აძლევენ. მსჯავრდებულის დედის განმარტებით, ამ საკითხთან დაკავშირებით მას პენიტენციური დაწესებულებიდან ამ დრომდე არავინ დაკავშირებია.
„სახალხო დამცველის აპარატიდან დამირეკეს და მითხრეს, გარდა იმისა, რომ საჭმელზე უარი უთხრეს, მისი საკნიდან ნაგავი არ გააქვთო. საუბარია ციხის საავადმყოფოზე, მის ჯანმრთელობის მდგომარეობაში ძალიან საგანგაშო ნიშნები გაჩნდა, პერსონალურია ინფორმაციაა და ყველა ნიუანსს ვერ გავაჟღერებ. საუბარია ციხის საავადმყოფოს საკანზე, 3 თუ 4 დღეა, ნაგავი არ გააქვთ, ეს ავადმყოფი სულ 2 კვადრატულში წევს, ახლა ნაგავიც აღარ გააქვთ, საჭმლის შეტანაც აგვიკრძალეს, მე თვითონ ექიმი ვარ და საგანგაშო სამედიცინო ჩვენება წამოვიდა, რაც კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ საქმე ძალიან ცუდ რაღაცებთან გვაქვს.
მესამე დღეა ადამიანი შიმშილობს, მხოლოდ სითხეს იღებს. არც არავის დაურეკავს და არც არაფერი გარკვეულა“, – აცხადებს წერეთელი.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ “რამზეს იახტების“ დამფუძნებელს გიორგი ჩიკვაიძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მის პარტნიორ ირაკლი პაპიაშვილს კი – 8 წლით.
გამოძიება კომპანია “ელთ ბილდინგის“ საჩივრის საფუძველზე – კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე დაიწყო.