დღეს, ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს შეხვდება

Published:

დღეს, 21 მარტს საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ შეხვედრას თბილისში, „დინამო არენაზე“ ლუქსემბურგის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველ არხი, საქართველოს რადიო (FM 102.3) და 1TVPLAY შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე ჩაატარა. ეროვნული გუნდი ტრიბუნიდან გულშემატკივარმა გაამხნევა.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა სრული შემადგენლობა შეკრიბა. დისკვალიფიკაციის გამო გუნდს ლუქსემბურგთან ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარება. ნაკრებში ორწლიანი შესვენების შემდეგ დაბრუნდა ჯაბა კანკავა.

ლუქსემბურგის პრობლემები

სტუმრებს დიდი დანაკლისი აქვთ. ლუქსემბურგს დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაეხმარება დანელ სინანი („სტ.პაულის“ თავდამსხმელი), ხოლო ტრავმების გამო – ვინსენტ ტილი (აზერბაიჯანული „საბაჰის“ შემტევი), დირკ კარლსონი (ავსტრიული „სტ.პელტენის“ შემტევი) და ტიმოტე რიპილი (გერმანული „მაინცის“ ნახევარმცველი).

გუნდის მწვრთნელმა, ლუკ ჰოლცმა არ დააკონკრეტა, საქართველოსთან ითამაშებენ თუ ვერა ვენის „აუსტრიის“ ცენტრალური მცველი მარვინ მარტინსი და „ჩერკასის“ ცენტრალური ნახევარმცველი ოლივიე ტილი, რომლებიც ჰოლცის გუნდის საკვანძო ფიგურები არიან. ორივე ტრავმირებული იყო, მაგრამ მომჯობინდნენ და შეკრებაზე იმყოფებიან.

უეფა-მ შეხვედრის მთავარ არბიტრად  40 წლის ხოსე მარია სანჩესი დანიშნა. ესპანელი არბიტრი ფიფა-ს მსაჯია და უეფა-ს მსაჯთა ელიტარულ კატეგორიაში შედის. საქმიანობა 2000 წელს დაიწყო. 2017 წელს სანჩესი ფიფა-ს სიაში მოხვდა. 2019 წლის 2 მაისს ის საფრანგეთში, ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ვიდეორეფერის რანგში ემსახურებოდა. მას რაულ ბაერო და ინიგო პრიეტო დაეხმარებიან. მეოთხე არბიტრი ხესუს ხილ მანსანო იქნება, ხოლო ვიდეორეფერიზე პასუხისმგებლები ხუან მარტინეს მუნუერა და ალეხანდრო ერნანდესი არიან.

დიდი ეკრანი რესპუბლიკის მოედანზე

19:00 საათიდან თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე მერიის მიერ ორგანიზებული ფანზონა იფუნქციონირებს, სადაც მატჩს დიდ ეკრანზე აჩვენებენ. სფფ-ს პარტნიორი ორგანიზაციები სხვადასხვა გასართობ ღონისძიებას გამართავენ. ადგილზე იმუშავებს რამდენიმე კვების ობიექტი და ნაკრების ოფიციალური მაღაზია.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img