თბილისში ახალი აეროპორტი აშენდება

Published:

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ორშაბათის სხდომაზე განაცხადა, რომ მიღებულია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ახალი აეროპორტი ვაზიანში აშენდება.

„პირველი საკითხი უკავშირდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტს. 6 აპრილს გაიმართა ეკონომიკური საბჭოს სხდომა, სადაც მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ახალი მეგაპროექტის განხორციელების შესახებ. კერძოდ, თბილისში აშენდება ახალი საერთაშორისო აეროპორტი. დღევანდელი აეროპორტის გამტარუნარიანობა არის დაახლოებით 4,5 მილიონი მგზავრი. იცით, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დადებითი დინამიკა ტურიზმის სფეროში. მომავალშიც მოსალოდნელია ვიზიტორთა რაოდენობის სწრაფი და  თანმიმდევრული ზრდა, რასაც ფეხი უნდა აუწყოს ინფრასტრუქტურამ.

ჩვენ განვიხილეთ ორი ალტერნატიული ვარიანტი. ერთი გულისხმობდა არსებული აეროპორტის გაფართოებას, მეორე გულისხმობდა ახალი აეროპორტის მშენებლობას ვაზიანში. გაფართოების ხარჯი იყო დაახლოებით 900  მილიონი დოლარი, ახლის აშენების ფასი 1 მილიარდ 260 მილიონი დოლარი. გაფართოება იძლეოდა საშუალებას, რომ მგზავრთა ნაკადი გაგვეზარდა მაქსიმუმ 15 მილიონ მგზავრამდე და შემდგომი განვითარების პერსპექტივა აღარ იყო. რაც შეეხება ახალი აეროპორტის მშენებლობას, ახლის მშენებლობა გვაძლევს 19 მილიონამდე მგზავრების რაოდენობის გაზრდის საშუალებას, შემდგომი გაფართოების პერსპექტივით”, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით,  ახალი აეროპორტი იქნება სრულ შესაბამისობაში უმაღლეს თანამედროვე სტანდარტებთან.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img