გია ვოლსკი – რასა შეიძლება უცხოელია, მაგრამ ის არის „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი

Published:

რასა [იუკნევიჩიენე] შეიძლება უცხოელია, მაგრამ ის არის „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი, თუმცა უცხოელი და ევროპარლამენტარი, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი, გია ვოლსკი სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს მიერ გაკეთებულ განცხადებას.

ვოლსკის განმარტებით, ევროპარლამენტარების ამ განცხადებებს საფუძველს აძლევს ის ინფორმაცია, რომელსაც კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციებისგან იღებენ.

„რასა იუკნევიჩიენე მახსოვს იყო თავდაცვის მინისტრი და იყო „საუდისის“ ძალიან აქტიური წევრი, როდესაც საბჭოთა კავშირის გადარჩენაზე იყო საუბარი და გაერთიანდნენ ჩვენი ქართველების სისხლში ხელგასვრილი გორბაჩოვის გუნდში. ძალიან აქტიური წევრები იყვნენ ეგეც და კუბილიუსიც. ასე რომ ჯერ ერთი, გაიხსენოს თავისი ბიოგრაფია და მეორე, რატომ გვიკვირს? რასა შეიძლება უცხოელია, მაგრამ ის არის „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი, თუმცა უცხოელი და შეიძლება ევროპარლამენტარი. ეგენი მარტო არ არიან, საკმაოდ ბევრი არიან, რომლებიც ამ ყოვლად უსამართლო განცხადებებს აკეთებენ. რაც მთავარია, ამ ყველაფერს საფუძველს აძლევს ის ინფორმაცია, რომელსაც კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციებისგან იღებენ, რომლებსაც აქვთ არჩევანი: ან უნდა გამოავლინონ თავიანთი შემოსავლები და დაფინანსებული პროგრამები ან უნდა მოითხოვონ საქართველოს დასჯა და სანქციების დაწესება საქართველოს. მათ აარჩიეს მეორე გამოსავალი, რასაც მხარს უჭერენ კონკრეტული ევროდეპუტატები. მე ვერ გავიგე ქართველებს, თუნდაც ოპოზიციური ფლანგიდან, რატომ უხარიათ ეს ამბავი, რომ საქართველოს სანქცია გამოუცხადონ. ამით იძინებენ და იღვიძებენ. სამწუხაროა, რომ ასეთი ღალატის და უსამშობლო ადამიანების გარემოცვაში ხშირ შემთხვევაში ხვდებიან პატარა ბავშვები, რომლებსაც არ აქვთ სიღრმისეული ანალიზის შესაძლებლობა იმ რეალურ სიტუაციასთან დაკავშირებით, რაც მსოფლიოში მიმდინარეობს”, – განაცხადა ვოლსკიმ.

გარდა ამისა, გია ვოლსკიმ ისაუბრა პრესკონფერენციაზე პარტია “ახალის” წევრის, ნიკა გვარამიას გაკეთებულ განცხადებაზე და აღნიშნა, რომ რასაც ის ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით იტყვის „არის გამომდინარე იმ ღვარძლიდან, რომელიც ახრჩობს მას მერე, რაც ხელისუფლება დატოვა“.

„ბიძინას [ივანიშვილის] წინააღმდეგ ასეთი ლაშქრობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია და ნიკა მელია მაშინ იყვნენ, როცა ისინი ხელისუფლებაში იყვნენ. ბანკსაც დაესხნენ თავს და ყველაფერს, რასაც ის ქვეყნისთვის აკეთებდა. შეაწყვეტინეს ეკლესია-მონასტრების მშენებლობაც. რასაც აკეთებდა ყველა მიმართულებით დაიწყეს ბიძინა ივანიშვილის დევნა, ახლაც იმავეს მიყვება ადამიანი, რომელიც არამხოლოდ თაღლითობით გამოიჩინა თავი, არამედ პირდაპირი გაგებით ქართველების და არამხოლოდ ქართველების სისხლში აქვს ხელი გასვრილი. ეს არის რეალობა და ის რასაც იტყვის ბიძინა ივანიშვილთან თუ ნებისმიერ სხვასთან მიმართებაში, არის გამომდინარე იმ ღვარძლიდან, რომელიც ახრჩობს მას მერე, რაც ხელისუფლება დატოვა”,- აღნიშნა ვოლსკიმ.

ვოლსკის თქმით, ნიკა გვარამიას ევროპარლამენტარებიც ჰყავს მოკავშირეები.

„გვარამიას ევროპარლამენტარებიც ჰყავს მოკავშირეები. ევროპარლამენტშიც რომ მოკავშირეები არ ჰყავდეთ, ვის მიაწვდიდნენ ამხელა მასას დეზინფორმაციის და რა რესურსს გამოიყენებდნენ გარემოს მოსაწამლად”, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ინფორმაციისთვის, დღეს სტრასბურგში, ევროპარლამენტარების ერთობლივ ბრიფინგზე ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება კრემლის მარიონეტს სულ უფრო მეტად ემსგავსება.

„თუ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანება სურს, მაშინ საქართველოს დებიძინიზაციის კანონები სჭირდება და არა რუსული უცხოური აგენტების კანონი. ეს ქვეყნის კრემლის აგენტებისგან გაწმენდას ხელს შეუწყობს და არა სხვა აგენტებისგან, ცრუ აგენტებისგან. მე სრულად ვუჭერ მხარს ქართველებს, რომლებიც უცხოელი აგენტების შესახებ კანონს აპროტესტებენ, რადგან ეს არის რუსეთისკენ გზა და არა ევროკავშირისკენ”,- განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

ამავე პრესკონფერენციაზე ისაუბრა პარტია “ახალის” წევრმა, ნიკა გვარამიამ, რა დროსაც მან აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება კრემლთან მოკავშირეობითაა დაკავებული.

ამასთან, მან მიმართა ევროპარლამენტარებს, რომ “ვაფასებთ მხარდაჭერას და მოგიწოდებთ უფრო მტკიცე მოქმედებებისკენ, მათ შორის პერსონალური ზომებისკენ მათ წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის ჩვენს დემოკრატიულ პროცესებს”.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img