ჯილდოს მფლობელ მასწავლებელს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, კონტრაქტი არ გაუგრძელეს

Published:

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, როლანდ შავაძე აცხადებს, რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, 6-წლიანი უწყვეტი თანამშრომლობის შემდეგ, შრომითი ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა და ამით “ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა”.

როგორც შავაძე Facebook-ზე წერს, ის რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში აქტიურად მონაწილეობდა.

“ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, (ჩემმა მშობლიურმა უნივერსიტეტმა) 6-წლიანი უწყვეტი თანამშრომლობის შემდეგ, შრომითი ხელშეკრულება აღარ გამიგრძელა და ფაქტობრივად, ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა. მიზეზები არ არის საძებარი – რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებში აქტიურად ვიყავი ჩართული და საქართველოს რუსეთის გუბერნიად გადაქცევის თავიდან აცილების მიზნით, პოლიტიკაში წავედი, ეს ვერ მაპატიეს…

ბსუ-ში მივიღე მაგისტრის და დოქტორის ხარისხი. 2018 წლიდან მოწვეული ლექტორის სტატუსით 6 წელი ვიყავი დასაქმებული.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვების შემდეგ, უნივერსიტეტმა პირველმა მომილოცა ჯილდო და ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში არაერთხელ განთავსდა ინფორმაცია, რომ ჩემი მიღწევით ამაყობდა უნივერსიტეტი, თუმცა ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში ჩართვის შემდეგ, ხელისუფლების დავალებით ყველაფერი შეიცვალა.

რეალურად, ორი კვირის წინათ, პასუხისმგებელი პირი, როგორც სალექციო საათებზე, ასევე სამუშაო დღეებზე შემითანხმდა და გასულ წელთან შედარებით ერთი ჯგუფის ნაცვლად, 2, სურვილის შემთხვევაში 3 ჯგუფთან მუშაობა შემომთავაზა. დღეს აღმოჩნდა, რომ ჩემთვის საათები აღარ დარჩა, ამ დროს ჩემთან ერთად მომუშავე 50-მდე უცხო ენის მიწვეულ ლექტორს (ყველას უკლებლივ) გაუგრძელეს ხელშეკრულება და 10 მიწვეული ლექტორისთვის კონკურსი გამოაცხადეს.

გარწმუნებთ, უნივერსიტეტის ეს სამწუხარო გადაწყვეტილება, ვერ შეაფერხებს ბრძოლას რომელიც ჩემი, თქვენი და მათ შორის ოცნების მხარდამჭერების შვილების საუკეთესო მოვალისთვის დავისახე მიზნად. ყველა უსამართლობას 26 ოქტომბერს წერტილი დაესმება. ერთად შევქმნით ევროპულ მომავალს”, – წერს შავაძე.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img