უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი შვედეთის პრემიერის, ულფ კრისტერსონის მიერ მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ კრისტერსონი ამას შეერთებული შტატების დავალებით აკეთებს.
„შვედეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში რუსეთის ინტერესების წარმოდგენაში მადანაშაულებს. ცხადია, ამის გაკეთება ვაშინგტონმა დაავალა. რა სამწუხაროა“, – წერს ორბანი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა ვიქტორ ორბანის კომენტართან დაკავშირებით, რომ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები „თავისუფალი და დემოკრატიული“ იყო, განაცხადა, რომ ორბანი არ საუბრობს ევროპის ქვეყნების ან შვედეთის სახელით.
„შესაძლოა, ის საუბრობს რუსეთის სახელით, მაგრამ არა ყველა ჩვენგანის სახელით“, – აღნიშნა შვედეთის პრემიერმა.
ამ განცხადების გამო, უნგრეთში შვედეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.