პაატა მანგალაძე აცხადებს, რომ კანდიდატის სტატუსზე დადებითი შეფასება პროგრესია, თუმცა „ქართული ოცნება“ დამატებითი ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას არ შეეცდება.
მისივე თქმით, 2024 წლის გეოპოლიტიკურ არჩევნებში პროდასავლური ოპოზიცია გაიმარჯვებს, შემდგომ კი საქართველო ევროკავშირის წევრიც გახდება.
„კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის დადებითი შეფასება არის წინ გადადგმული ნაბიჯი ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისა და საქართველოს გაერთიანების გზაზე. ჩვენ ვნახეთ, ერთი წელი ველოდით, არანაირი 12 პირობის და ახალი, დამატებითი დათქმების შემსრულებელი “ქართული ოცნება” არ არის.
არჩევანი მარტივია, მოდის 2024 წლის გეოპოლიტიკური არჩევნები, ვისაც უნდა ევროპა, ვისაც უნდა უსაფრთხოება და განვითარება ის მხარს დაუჭერს ოპოზიციას, ვისაც უნდა სიღარიბე, კორუფცია, მეტი რუსეთი და რუსული ჭაობი – მხარს დაუჭერს „ქართულ ოცნებას”.
მე მჯერა, როგორც 33 წლის წინ ქართველმა ხალხმა ჯერ აირჩია ეროვნული ხელისუფლება და შემდეგ მხარი დაუჭირა საქართველოს თავისუფლებას, ზუსტად ასე მოხდება ახლაც, ჯერ გაიმარჯვებს პროდასავლური ძალები ანუ ეროვნული ოპოზიცია და შემდეგ გავხდებით ევროკავშირის წევრი”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.