ზოგს შეიძლება ცხვირი ჰქონდეს სხვანაირი, ზოგს ყური, მაგრამ ესენი არიან კლონები და „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის კლონებს არასდროს ექნება ქართველი ხალხის მხარდაჭერა – საკონსტიტუციო უმრავლესობით „ქართული ოცნება“ გაამყარებს საქართველოში დემოკრატიას – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ყველა გამოკითხვით „ქართული ოცნება“ იგებს არჩევნებს და ახლა მთავარია კონცენტრირება საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაზე. პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ეს არის ქართველი ხალხის ინტერესიც და ქართველმა ხალხმა მკაფიო გზავნილი მისცეს, როგორც ოპოზიციას, ისე ქვეყნის შიგნით და გარეთ ყველას.
“არაფერი ახალი არ ხდება, გაიხსენეთ 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდი, 2016 წლის, ზუსტად იგივე ხდება. ეს მიკვირს მე, რომ იგივე მეთოდებით ცდილობენ, დააბნიონ ქართული საზოგადოება. სინამდვილეში ამას ყველაზე კარგი სახელი მიხეილ სააკაშვილმა დაარქვა, ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” კლონები. მთავარია საზოგადოება ხვდება, რომ ესენი არიან კლონები, ზოგს შეიძლება ცხვირი ჰქონდეს სხვანაირი, ზოგს ყური, მაგრამ ესენი არიან კლონები და რა თქმა უნდა “ნაციონალურ მოძრაობას” და მის კლონებს არასდროს ექნება ქართველი ხალხის მხარდაჭერა. ამ არჩევნებს „ქართული ოცნება“ იგებს ყველა გამოკითხვის მიხედვით, მთავარი ახლა არის კონცენტრირება იმისთვის, რომ არამხოლოდ მოვიგოთ დამაჯერებლად, არამედ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში უნდა მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს გახლავთ ქართველი ხალხის ინტერესი, ვინაიდან მოსალოდნელია მათ შორის ოპოზიციის მხრიდან კვლავ ბოიკოტი, ამიტომ ქართველმა ხალხმა მკაფიო გზავნილი უნდა მისცეს, როგორც ოპოზიციას, ისე ქვეყნის შიგნით და გარეთ ყველას, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობით “ქართული ოცნება” გაამყარებს საქართველოში დემოკრატიას“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.