“ქართული ოცნების” ინიციატივამ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვა

Published:

“ქართული ოცნების” ინიციატივამ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვა. ხმების არასაკმარისი რაოდენობის მოპოვების გამო, “ქართულ ოცნებას” ადანაშაულებს ოპოზიცია. განმარტებები გააკეთეს უკრაინელმა დეპუტატებმაც.

“როდესაც გაგაქვს რეზოლუცია, უნდა იმუშაო ისე, ან იმდენად მართალი უნდა იყო, რომ მხარი დაგიჭიროს ევრონესტის შემადგენლობაში შემავალმა ყველა ქვეყანამ. მე მაინტერესებს, რატომ აქვს საქართველოს ხელისუფლებასა და ივანიშვილის პარტიას ისე შელახული რეპუტაცია, რომ ევრონესტზე ჩავარდა ეს რეზოლუცია? რატომ ვერ მოიპოვა მან უკრაინელების მხარდაჭერა და არა მხოლოდ უკრაინელების, იმიტომ რომ კითხვები ჰქონდათ მოლდოველებსაც,” – აღნიშნა ანა წითლიძემ.

უკრაინის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ მათი ქვეყანა დოკუმენტის თანაავტორობისთვის მზად არ იყო. 

“უკრაინა არ იყო ამის წინააღმდეგი. ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ ხმის მისაცემად, მაგრამ არ ვართ მზად ამის თანაავტორები ვიყოთ, ქართული პოლიტიკის გამო, რომელიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლით ეხმარება. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. მე მჯერა, რომ ამაზე სათანადოდ უნდა ვისაუბროთ და განვიხილოთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, მაგრამ ჩვენ ამას ჯერჯერობით არ გავაკეთებთ, სანამ საქართველოს, დასავლური სანქციების გვერდის ავლით, რუსეთის მუდმივი მხარდაჭერა ექნება,” – განაცხადა პოლიტიკური პარტია “ევროპული სოლიდარობის” წევრმა, ვოლოდიმირ არიევიმ.

ცნობისთვის, დოკუმენტი, რომელიც 3 ქვეყნის – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში ინტეგრაციას ეხებოდა, აღარ განიხილება. რეზოლუციის ინიციირებისთვის საჭირო იყო 10 ხმა, თუმცა მას უკრაინის დელეგაციისა და ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს. საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, მათი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები ყველაფერს აკეთებენ, რათა ქვეყნის ინტერესები დააზიანონ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img