ვეტინგის მომხრე მოსამართლის თქმით, მის პოზიციას ქმრის სამსახურიდან დათხოვნა მოჰყვა

Published:

მოსამართლე მადონა მაისურაძე აცხადებს, რომ ვეტინგზე მის პოზიციას ქმრის სამსახურიდან დათხოვნა მოჰყვა. ეს მოსამართლემ ფეისბუქზე დაწერა.

მადონა მაისურაძე ერთ-ერთია, რომელიც მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას [ვეტინგს] არ ეწინააღმდეგება.

“მეგობრებო, ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ნამდვილად მნიშვნელოვანია საღ აზრზე დარჩენა მიუხედავად პროფესიული თუ სხვა პირადი შეხედულებებისა.

ადამიანის უფლებების დაცვაზე თავს რომ მოიწონებს რომელიმე ხელისუფალი, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ჩემს ამ საჯარო პოზიციას ჩემი ოჯახის წევრის სამსახურიდან დათხოვნა მოჰყვა. გიორგი ფაქტობრივად იძულებული გახდა შეეწყვიტა ხელშეკრულება და წამოსულიყო იმ სამსახურიდან, სადაც ბოლო წლები მუშაობდა. ასე ესმით კეთილსინდისიერება საქართველოში”- წერს მადონა მაისურაძე.

მაისურაძის ამ განცხადებას გამოეხმაურა სასამართლოს გუშაგის ხელმძღვანელი, ნაზი ჯანეზაშვილი. მისი თქმით, ჩნდება კითხვა – აშანტაჟებენ მოსამართლეებს ოჯახის წევრებით?

“მოსამართლე მადონა მაისურაძემ დღეს დაწერა, რომ მისი პოზიციის გამო ქმარს (რომელიც საერთო სასამართლოების დეპარტამენტში მუშაობდა) სამსახურის დატოვება მოუწია. მადონა მაისურაძე მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას არ ეწინააღმდეგება, რადგან მას ნათქვამი აქვს, რომ: “მზად ვარ ჩემი კეთილსინდისიერება გადაამოწმონ”. დღესაც იგივეს იმეორებს.

ამის პარალელურად, ჩვენ ვნახეთ გიორგი ებანოიძე, რომელმაც მოსამართლეთა კონფერენციაზე “დააზუსტა” მისი პირვანდელი განცხადება. მთავარი ისაა, რომ თავდაპირველად ის არ გამოხატავდა წინააღმდეგობას მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების თაობაზე, მოგვიანებით მის მიერ გაკეთებული განმარტებები სხვა არაფერია, თუ არა პოზიციის შეცვლა. რამ ან ვინ აიძულა, რომ პოზიცია შეეცვალა? აქვე დავამატებ, რომ ჩემი ინფორმაციით, გიორგი ებანოიძის ცოლიც სასამართლოში მუშაობს.

ჩნდება კითხვა, ეჭვიც და ვარაუდიც: მოსამართლეებს ოჯახის წევრებით აშანტაჟებენ? – წერს ჯანეზაშვილი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img